ანესთეზია
ანესთეზია ფოთლები ცვივა, ტრიალ მინდორს მზე აჭერს ურცხვად, ქარი სიჩუმეს გეგონება, ქოჩორს უვარცხნის, სადღაც ღამეა, ანდა დილა, რომელიც არ ჩანს, გაშლილ სარკოფაგს ეთხოვები- საწოლს უვარგისს. სხვა იქნებოდი, მზერაუწვდომ ღამეს ნახავდი, დაიშლებოდი, როგორც წვიმა, ფიქრს რომ ახშირებს, და თავის ქალას გრძელი ჟამი, როცა დახრავდა, ადამიანურს გაცდებოდი ჩანასახშივე. რამდენი მგზავრი მერამდენე ღვთაება გახდა. საუკუნენი აკივლებენ უნიჭო კაცებს, რად გინდა ფიქრი, გაიხადე ძონძივით ღამე, შეხე, როგორი სინათლე აქვს გამოღმა ჭრაქებს. მთვარემ შეგიცნო დასაწყისის დაბადებამდე, რაც უკვე იყო სიჩუმე თუ სულების რამპა, არა თუ ბნელში, სინათლეში უნდა დაქანდე, არ შეიხორცო ჭრილობაში დარდების ბამბა. ბეჭდის თვალშია ჩაყინული მთვარე თუ წამი, მოხრილი ღამე კაუჭია, ფიქრობ დეზია, მომავალ ღმერთსაც განუგმირეს სპეტაკი ფერდი, მერე სამყაროს გაუკეთეს ანესთეზია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი