ლურჯი მონასტერი


* * * 

ლურჯი მონასტერი,
თეთრი კრავი,
მწვანე მინდორი.
რა შეაკავებს საღამოს ლოცვას?

დაღლილი მგზავრი აუყვება
ციცაბო აღმართს,
მერე კი ჩუმად, თავისივე ხერხემალზე
ჩამოისვენებს.
მიმწუხრის ჰანგებს დაუსტვენს ნელა.

ხილვებს მიღმა,
წარმოსახვებს იქით და იქით
სახედრით ისევ შემოდის მაცხოვარი
ჩვენსავ ქალაქში...

და შეცბუნებას გვაიძულებს
ყოველი წუთი,
ცეცხლის ენასავით რხევადი
სუნთქვა
უსაზღვრობაში ჩაედინება...

აკრძალულ ზონაში
რომც დავდგეთ,
არ გაწყდება წარსული,
არ შეიცვლება სასწაული.

ცივ ბაგეზე წევს ლოცვა,
როგორც სველ თოვლზე.
ამ დროს ხასხასა მწვანე ბალახი
ბიბინებს გარეთ,
თეთრი კრავი და ლურჯი მონასტერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი