* * *
* * * საკუთარი თავის დაბრუნება სცადა, დანაწევრებული სულის გამთლიანება არ უცდია და ყველა დრომ მასში გაიარა. ის პირველ საუკუნეში გადაისროლეს, და ქრისტეს მოწაფე გახდა. და ყველა მისი ნაწილი, რომელიც მიმოიფანტა ქვეყნის სხვადასხვა მხარეს, კაცში გადარჩენილ ღმერთს მიეკრო სხეულზე. და ავარდა ბოლი. ოსვენციმი გვერდით ოთახში გაუჩნდა ყველა პოეტს, და ხიროსიმა თვალში ჩარჩა, შვილში ჩარჩა, დედის მოგლეჯილ ტანს ჰგავდნენ მშობლიური მთებიც. და ის წერდა ლექსს, რომელშიც არ იყო თვითონ, რომელშიც არ იყო წესრიგი, რადგან რაც იყო, ის ყველაფრით, ყველა ნერვით დაშორებოდა მას. და ის არ დადიოდა, არამედ ელაგა. და მისი სიტყვა, მის გამო გაცინებულ ბრბოს უზუსტესად აღწერდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი