* * *
იქ გამოჩნდება საიდანაც განჭვრიტეს ადამიანი თავისივე სულის მონოლოგია. წმინდა ჩვილივით გამთბარია მისი დილემა. კურდღელივით მშიშარაა ფიქრი, ფიქრიდან რომ გამოიხედავს. გზებით დაღარულ კაცთა სახეზე, ჩავლილი სიმღერა ალისფერი ხდება, უფრო და უფრო ალისფერი. სიზმარ-ცხადის გასაყარზე ეჟვნები ჟღარუნებენ. შეცდომის სურნელი ბრინჯაოსფერ ტანში წვიმის წვეთივით ჩაედინება. რაღა რჩება ადამიანს? ის სამოსელივით უნდა გაეხვიოს დროში, ან მისი ხელები უნდა აქროლდნენ, მისმა თვალებმა უნდა იწვიმონ. თუ ყველა მოგონება, ,,იყოს“ რკალში მოექცევა, მაშინ ალმაცერად გავლებული შტრიხიც თავისივე თავში გაარღვევს ,,ნანატრ იქნებას“ და წარუვალ ცოდნაში ,,აღარასოდეს,“ არაერთხელ ამოიქროლებს გზადაკარგული ცივი ქარივით. მარადისობის გაბაზარული ყელიდან გადმოჟონავს ყველა მიზანი. ციცაბო გულიდან გადმოეშვება გაცხადებული ადამიანი, ძოწისფერად ჩაეშვება საკუთარ სიღრმეში, როგორც ზეცაში ვარსკვლავებმოყრილი მთვარე, როგორც ბადეში გახლართული თევზი. ჩვენ დავრწყულდებით იმ ნათელში, რომელიც ქვასაც ანამცეცებს. ერთი ფოთოლი მთვარე, ერთი ფთილა მზე, ერთი წვეთი სული. ვერ დაეტევა ყოველივეში. პირველ დინებას ბოლომდე მიჰყვება კაცი, გაოცებამდე აღმოჩნდება მეორე ნაპირზე. ყველა ფრინველი აყვავილდება სინათლის ბუდეში. კაცი უდარდელად გააბიჯებს ცხოვრების აქეთ და იქით. მალე იქ გამოჩნდება, საიდანაც განჭვრიტეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი