* * *


****
მე იმ ექოში ჩავარდნილი
ვარ, რომელსაც ვფიქრობ
შუქის პირისპირ.
მე იმ გზაზე ვარ, რომელიც იყო
ჩემ შორის, 
მაგრამ 
უფრო შორიდან, უფრო პირდაპირ
 ის აღარ ჩანდა
როგორ იმედი.
მე რაც მომიცავს უფრთო ნათელში,
ანდა ფოთოლში, როცა გავკრთები,
ის არის ფორმა ძველი კაცისა,
ხან ჩია,
 ხანაც წარმოსადეგი.
მე მოვიხურავ ლექსის საწვიმარს
და ერთი კაცი კი არ აღვდგები,
არამედ
სულთა დიდი ნაკრები.
ჩემ ტანზე, როცა გაიშლება 
ქვეყნის ყაყანი, 
სიჩუმე, როცა დაიშლება,
 მოიფანტება
ვარსკვლავები ხრიოკ მიწაზე,
მე როგორც ერთი იმათთაგანი,
გავსწორდები და ღრმა ნაბიჯებით
შევაბიჯებ ბოლო მზერაში.
გრძნეული სიტყვა თუ მექნება გამოსაყვანი,
ბაგის საკნიდან
შენც დაელოდე, 
სიბნელეში შესვლა
მომინდა,
რომ ყველა ჟამი აქვე დავფურცლო
და მოცელილი გადავკიდო გზების
საკიდარს. 
რადგან ცარიელ ამ მუცლებს ახლა, ვეღარ შეავსებს და ვერ
აღავსებს,
გადარჩენილი დროის წუთები.

მე ერთად გავხდი ბნელი ჩრდილი და
უკვე მზიანი ბალახის ღერო.
სამყაროს უკან,
 მთვარის ნათელში
ამომავალი სიმღერას ვმღერი.

ცხოვრება არის- საგნების მიღმა,
ცხოვრება არის - ვარსკვლავებს აქეთ.
და ამათ შორის ბრუნვა- ტრიალში
ყმაწვილკაცი ვარ,
ან მხოლოდ ქარი.
დიდი მთვარის ქვა დამადეს მხრებზე.
და ასე მივალ, ასე პირდაპირ
.რა ხანია მელოდება
ჩემი ნაყოფი
უშორეს ცაში
სიცოცხლის ხეზე.

მე ჩემს გარეშე ცარიელი უფრო ვყოფილვარ,
როდესაც გაბმით სიბნელეს ვჭრიდი,
შეუმჩნეველი ბედის გორგალით, 
თან
გრძელდებოდა ჩემი თარიღი
და თანაც შორი,
 უცხოთაგანი
 მე ამ ცხოვრების ვხდებოდი მკვიდრი.
გულღრძო სამყაროს დავყავდი
მგზავრი,
ვიდრე ჩემივე არსებობა
 არ მივავიწყე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი