მელოდებოდა..


მელოდებოდა

იმაზე ვწერდი, რაზეც წერა აკრძალულია,
როცა სამყარო იბუშტება თეთრი ცომივით.
სად არის ბოლო ხე, რომელიც ალილუიას
გულში მღერის და განწირული არის დგომისთვის.
იმაზე ვწერდი, რასაც ჩემში დაუხუვლია,
რაც სიყვარულსაც ათამაშებს თავის ნებაზე,
შენ რაჰილი ხარ, ქალიშვილი, ალბათ ჰურია,
მე ვერას ვიტყვი მერამდენე დავიწყებაზე.
როცა ნაწერის თავი, ბოლო, უცნაურია,
როცა ყაყანის საბაბია ჩემი ნაწერი,
ვფიქრობ, რა ვქენი, ლექსში ვინ, სად გამოვურიე,
ახლა მოვკვდი თუ ასი წელი კიდევ გავძელი
ვერ დადგინდება, რადგან ვცოცხლობ პირობითობით,
ნაქანდაკარი, დაშლილი თუ განუწყვეტელი,
ამ სამყაროში ჯერ მეგონა, რომ თავს ვირთობდი,
და თავი ჩემი მუნჯიც იყო და პირმეტყველი.
შეცდომას ვეღარ შეველიე დანამდვილებით,
მიგორავს ღამე, როგორც კასრი დიოგენესი,
თვალებში ფართოდ გაიშლება ჩემი დილემა
და გამჭრიახი იბადება სადღაც ჰერმესი.
იმაზე ვწერე, რაზეც მერე უნდა იდავონ,
თუმცა ჩემია,  სამუდამოდ გარკვეულია,
რომ სამყაროში პოეტია აზრის იდალგო
და ტობოსელი არ ყოფილა დონა სრულიად.
ლექსი, რომელიც არ არსებობს ლექსის შექმნამდე,
ცოტა ლექსია, გინდ ალექსე ჰანგის შეფრენით,
როგორც ქუხილი არ არსებობს ცასთან შეხლამდე,
მელოდებოდა ყოველივე ის, რაც  შევქმენი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი