* * *


ანდაზები
ჭიქაში წყალი,
ყველა ხილვა გზაზე გამოდის.
ყველა კავშირი
სიფრთხილეს შორის განეფინება.
ფსკერზე დავეშვი.
ვამოწმებ ახლა ზმანებების
ბოლო მისამართს.
მაშინ, როდესაც ქარიშხალი ვეღარ
ატეხეს.
სივრცის პირისპირ,
მე ღია კარში ერთხელ
დავდგები,
ვერ დაამტვრევენ მაშინაც კარებს.
ეს ანდაზები,
ფხიზლობენ ისევ
სიჩუმისა და რხევის გარეშე.
მე გამოვდივარ გაშლილი ფიქრით.
ამ დროს სამყარო,
ნახევარ მთვარესავით ნახევარია.
რა დამავიწყებს ამ სიბრძნეს.
თუნდაც
,,როგორც ქუხს ისე
 არ წვიმს."
არსებობა ვერ ჰგუობს
ცდომას,
რომელიც
სახლიდან სულ ახალი გამოსულია.
მე ცხელი ვარ, და ცივიც 
ვარ. ასე,
რომელი -რომელს, ან როდიდან
როდინდელს.?
ამ დროს, სინამდვილე ზოგი კაცივით,
არც წყალია და არც ღვინო.
დიდი, ფართო ქუთუთოები ქვევით იწევენ,
მცენარეებად,
ყვავიან ბაღში
ცვალებადი სიმშვენიერით
მარადიული გაზაფხულის პირს.
მიკურთხეთ ეს ანდაზები,
მე მათ გარეშე არ ვიქნები,
მე მათ გარეშე არსებობა 
მომსხიპავს ტოტებს.
ხე ფესვებით და კაცი კაცით.
და ჟივჟივი უკვე ქვემოთაც,
თითქოს ფესვები მიწაში 
დამარხული ჩიტები იყოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი