* * *


მე
ჩემს შესახებ ხშირად ვწერ,
ალბათ იმიტომ, რომ მას ყველაზე კარგად ვიცნობ,
თუ პირიქით, ყველაზე ცუდად მას ვიცნობ.
ამიტომაც ვუკირკიტებ.
მაინტერესებს სინამდვილეში თუ
როგორია.
მე რომელიც მე არ ვარ და მე რომელიც ზოგჯერ მე ვარ.
თუ მუდმივად მე ვიქნები,
გამოდის, სხვა ვერასოდეს გავხდები.
ჩემი სიზმარი მაშინ ესიზმრება უცხოს,
როდესაც ცხადში ვივიწყებ საკუთარ მეს.
არსებობას რამდენიმე სახეობად მიშლის დრო,
ვინც მე ვარ, ვინც უნდა მიგულისხმონ, ვინც ხანდახან მე ვარ და ხანდახან უნდა ვიგულისხმო, ან
ის ვინც, მე არ ვარ,მაგრამ
ჩემში ყოველთვის იყო, 
და საბოლოოდ, ისიც ვინც, ახლა წერს,მერე დაიძინებს,ვიღაცას დაესიზმრება,ან ვიღაცას დაისიზმრებს.
ორივეგან განაგრძობს ცხადის აღწერას სიზმარში იმაზე, 
რომ
მახსოვრობა სიკვდილის მერე კი არ წყდება,არამედ გრძელდება
უსასრულოდ.
ამიტომ ეს ფაზები ერთი კაცის სულის ისტორიაა, რომელიც დაბადებიდან
მახსოვრობას აგრძელებს, სიკვდილის მერე ყველაფერს ივიწყებს დროებით,
რათა ისევ უწყვეტი მეხსიერება განაგრძოს,
ხოლო ხელმეორედ მოვლინებით ცდილობს ერთად
დაივიწყოს წინარე დაბადებისა და სიკვდილის დროს გაგრძელებული მახსოვრობა.
აი, რატომ ვწერ ხშირად ჩემს შესახებ,
როგორც უცნობზე ან ყველაზე ახლობელზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი