საპირისპირო გაცურვა
საპირისპირო გაცურვა თუ ამ სამყაროში არ მღერიხარ, იქ ვინ გაგაგონებს სიმღერას?! ამიტომ ჩურჩულებს წყალი კანის შიგნიდან, რომ უნდა ვიმღერო. უნდა იმღერო... ტირილს სინანულის მუსიკა ვუწოდე და იეროგლიფის ქვა-ტახტზე დავდგი შიშველი ფეხი. ავხადე სამყაროს თავის ქალა, ო, როგორ ხურს ის. დუღილია შიგნიდან, ზევითაც ამოდის მისი სიმხურვალე. ვერ ჩავალ სიღრმეში, ვერ ჩავალ. იქიდან ამოდიან, მხოლოდ ამოდიან. ამ მიწაზე ირხევიან ყვავილთა აჩრდილები, ამ მიწაზე. ყველაფერი აქ ხდება. ვინ მოგვაბარა ფენიქსი, უხსოვარი ოცნებისა და სურვილის სიცხადე, ოცნების შემდეგ არის ის მხოლოდ ფრინველი. რომელიც დღეს კომპიუტერის მაგიდაზე იფერფლება. ძველი ფენიქსი, თითქოს არც არის, მისი აღმდგარი სხეული არ გვინახავს. დაბადება დაუდასტურებელია, ვერაფერს მოვიმოქმდებთ. ჩემი პირველი მოგონებაც ჩიტია, ცვალებადობაზე აღმატებული. თუმცა არც ბეღურა და არც გულწითელა, უფრო ნებისმიერი ჩიტი. ირწევა ჰორიზონტი, ქალაქები ყავისფერი ტყლაპივით ედებიან ერთიმეორეს, ჰაერი პირში მწარე გემოს ტოვებს. მხრებჩამოყრილ საფლავებს ვიღაც შეუდგა, მხრებში გამართა, და საფლავებთან ერთად გაქრა. თითქოს ყველაფერი წაიშალა. ყველაფერი წამდინარდა... ჩამოფრინდა ცეცხლი და ჩემმა ყვირილმა ზეცის ჯაჭვი ჩამოწყვიტა. სად უნდა მოხდეს? სად უნდა მოხდეს? გონებაში, გონებაში და არსად სხვაგან სათავიდან საპირისპირო გაცურვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი