* * *
* * * სახიდან გადასულა სახე, მე მას ძალიან ვგავარ. ამჯერადაც სინამდვილეს ვუფრთხი და ტომარასავით დაკუჭული დღე, რაღაცას ინახავს ჩემგან დამოუკიდებლად. ჩემი ხმა ხეებს ესმით. ჩემი სუნთქვა მთლიანია და მე სიცოცხლეს ვინანიებ. საგნების სულში ჩაღვრილა მოურჩენელი ტკივილი... და ბალახის ღერო ჩემს აღმოჩენას ბოლომდე ყვება. მან იცის, რომ ქარისთვის მე ახალშობილი ვარ, რომელიც სტვენით მოეფინა ქვეყნიერებას. ჩემი თმა გადაწნულია მაყვალთან და მე ვარ მთლიანი ჰაერის მიღმაც, და მე ვარ უცვლელი ჩემ გარეთ. ჩემი ფიქრი პატარა ბიჭია, რომელიც ეზოში თამაშობს და როდესაც დედ-მამა დაუძახებს, სირბილით არბის მეცხრე სართულის კიბეებზე. ჩვენ ვერ წაგვიყვანეს. ჩვენ წავედით. და ეს ყველანაირად სხვაა, ვიდრე გაქცევა, და ყველაფრით მსგავსია თვალითუხილავი გზებისა, რომელზეც ვდგავართ , გზა კი არ სრულდება. და ისევ ჩვენ გზას ვკითხულობთ, რადგან სახლი მუდამ შორია, რადგან სახლი მუდამ ახლოა, რომელიც ფეთქავს გულივით, სიზმარში წყდება ძაფივით და უწყვეტ მოლოდინში გვეცხადება. ჩვენ გვგონია მელანს ვსვამთ, სიტყვებს ვჭამთ, ან ლექსმა უკვე არაფერი დატოვა ჩვენგან, ეს სიცრუეა, რადგან ამ დროს, ჯერაც არ ვართ გამოგონილები. არ არის ლექსი, არ არის ედემი, არსად ჩანს ქალაქი, და აღარც პირია, არ ვიცით გემო, არ ვიცით ქალი და კაცი, არ გვიგემია აკრძალული ხილი. ერთი სიტყვით, გვიანი დროა. ახლა იწყება ყველაფერი. მე სამყაროს, თვალს დავაწვეთებ და რასაც ვეჯახები, თანდათან ის ვხდები. ვინ ილაპარაკა ჩვენს მერე, ჩვენამადე, და რატომ ვფიქრობთ, რომ ჩვენს უკან ვეებერთელა ცაა, და უზარმაზარი ბედი, რომელიც აგვედევნა ყველას და ის ქოშინებს. მე ახალშერქმეულ სახელით მივმართავ მას. ვცდილობ ამაღლებას ფესვამდე. ყველაფერი რაც ძირში იყო თავიდან ბრუნდება ძირში უკვე გამოვლილი სიმაღლიდან. მუხლამდე ვდგავართ გაყინულ სიბრალულში. მდუმარების აბსტრაქცია ისევ უკვირთ,ისევ ვერ ხვდებიან თუ რამ აღბეჭდა იგი ასე მკვეთრად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი