მინაწერი მიგელ დე უნამუნოს წიგნზე "ბურუსი"
მინაწერი მიგელ დე უნამუნოს წიგნზე "ბურუსი" რა მნიშვნელობა აქვს, შენს სიზმარში სიცოცხლეს, თუ სხვის სიზმარში მოგკლეს?! ან, რა მნიშვნელობა აქვს, რომელიმე სიზმარს, თუ სინამდვილის ზღვარი მაინც დაუდგენელი იქნება. დაწერა დონ უნამუნომ ეს თუ მსგავსი აზრი და დახურა წიგნი. ჩვენ თანდათან ბურუსიდან გამოვედით. მე ოთახში მშვიდად გავიარ- გამოვიარე შემდეგ მივედი და დავხურე დონ უნამუნოს წიგნი. მაგიდაზე წყლით სავსე ჭიქისკენ გავიწვდინე ხელი. პერსონაჟები თითქოს წყლიდან ამომყურებდნენ. მოვიყუდე და ჩქარა დავცალე ჭიქა. ისინი წყლის ნაწილები იყვნენ, ცნობიერების შემდეგ სხეულის ნაწილებადაც რომ ვაქციე. ქმნილებამ შემქმნელი მოკლა, შემქნელმა ქმნილებას სიცოცხლის მინიჭებით დაურღვია ნამდვილობის განცდა. შემეშინდა. ამ ყველაფრის მერე. პერსონაჟად ქცევა არ ვისურვე, არც ავტორად ყოფნა ჩანდა ჩემთვის მაინცადამაინც მიმზიდველი. ფანჯარაში გავიხედე. იქ ყველაფერი თითქოს რეალური იყო, მაგრამ რაღაც აკლდა, რასაც სინამდვილე გვახსენებდა. ზღვარი ვერ ვიპოვე ვერცერთში ფანჯარა რომ გამეღო და გავფრენილიყავ, რომელ ცაში მიპოვიდნენ? მიწას ეტკინებოდა ჩემი ძირს დანარცხება, თუ ტექსტს, რომელშიც ამაზე ვისაუბრებდი, ან ისაუბრებდნენ სხვა დროის მგზავრები.?! ქვემოთ ისმოდა პოლიციის მანქანის გულისწამღები კივილი. ანუ არსებობა აქ იყო, ამ წუთას, ამ სხეულში, ამ სულში. და ეს მაფხიზლებდა. წიგნის პერსონაჟებთან შენაცვლებამ სიზმარი და ცხადი უბოლოოდ ერთიანი გამიხადა. მე და დონ უნამუნო სივრცეებით ერთმანეთში გადავდიოდით... ავტორი, პერსონაჟი, მკითხველი, სამივენი უკვდავები ვართ. სანამ მარადისობას მივადგებოდით ჩვენ ტექსტებზე გადავიარეთ... შუა დროში, შუა ცვლილებებში, ან ტექსტი იტყვის მომდევნო კავშირებზე, ან ისიც არაფერს იტყვის... სადაც სიტყვები შეიქმნა, იქ, არ ლაპარაკობენ.... ყელზე ღამემოხვეული გუგებს ვიხსნი. სხვადასხვა დროში ერთმანეთს ვხვდებით და ჩვენი თარიღები, ჩვენი სასჯელია. ის გამომყურებს, ცოცხალია, ხმაც კი მესმის, სანახევრო სახელს ვარქმევ ოთახში და ცისქვეშ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი