* * *


იფხრიწება ჰაერი,
ღამეს ყუნწიდან უწყდება მთვარე,
ყვითელ კომშივით მივარდება ფართო ხელებში. 
ნელ-ნელა გადავიტან სულს,
როგორც კომოდს, განზე გავაცურებ სკამივით.
კედელი თეთრი, ნაღებივით თხევადი,
ის არცაა კედელი...
მასში შესვლა და გამოსვლა უკვე შეიძლება,
ის არაა დასანგრევი.
მას  მორევა სჭირდება.
თვალებიდან ამოთხრილი სიბნელე,
სადღაც უმისამართოდ ჩარბის.
ჩემს წარმოსახვებს ძვლებს უმტვრევენ აზროვნების ყასაბები,
თოვლზე თეთრი გაფითრება მოადგა ქალაქს.
საყვარელი ქალივით ნაცნობია ეს მდგომარეობა.
თანდათან ვიჭრები განზომილებებში
და მთელი სახე პეიზაჟად მექცა.
ოთხი დრო მასზე არ მონაცვლეობს.
ერთდროულად ჭირხლი  და  გაკვირტება
გაუწელავს. 
გარეთ რამდენი ხე  დასველდება,
რამდენი ჩიტი ვერ გახდება გოგონა.
რამდენი ღამე დაეშვება ცარიელ თეფშზე.
რამდენი ლუკმა ჩარჩება თვალებში. 
რამდენი ლოცვა ვერ ააღწევს ცამდე...
შემზარავია ამის აღქმა. 
მე ვწყვეტ ფიქრს...
და სამყაროში შევდივარ, როგორც საძინებელში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი