* * *
ყველა ცდება ვინც ფიქრობს შეგიცნო. შენი ხელები ჰორიზონტს კვეთენ. სითბო შენგან წაღებული აიწევს მაღლა და ნელა დაირწევა სინათლეში. ზღვათა მიქცევის ჟამს დაელოდე. შეგიძლია შენი ზღვარი ყოველდღე წინ- წინ გასწიო. ადამიანები მიმობნეულნი არიან უხილავში. ქალის თმები ბალახივით ამოდის მიწიდან. თვალის ცისფერი ფსკერი თავის სიღრმეში ითრევს ყველაფერს. ქვა თითქოს უმნიშვნელოა გზაზე, ვერ დაამტკიცებს თავის სიცივესაც კი. ის ახლა არსებობს და ხვალ, შენს მერეც იარსებებს, მაგრამ დანამდვილებით იცის და გრძნობს ის ადგილი, სადაც უნდა იფიქრონ მასსზე. რამდენი წელიც წინ დახვდება - გადაფურცლავს. ვინც აქ მოკვდა, მისი სიკვდილი სულ სხვაგან იყო ვინც აქ იშვა მისი დაბადებაც სხვაგან იყო. სამყარო ნელ-ნელა ამოიწურა სურნელებით და დაიჯერა თავისი დასასრული. შენ ცდები და ყველა ცდება. ქვას არაფერი ანაღვლებს... იქ, სადაც ნახევარი ბედი მთავრდება, მთლიანი შენით იწყება თვალთა გახელა. შენით იწყება სიცოცხლე. ფერფლადქცეული სიბნელე იყრება გულში. კიდევ ერთხელ შეიძლება გამოხედვა, კიდევ ერთხელ და აღმოჩენამდე. ჰორიზონტს მიაბჯინე ტუჩი და ითხოვე ელვა. მარადიულ ნაქსოვში გაეხვიე... შემგროვებელი შენს ნამსხვრევებს იქ ნახავს კვლავაც... ეს სინამდვილეა, თუმცა არაზუსტი, სხვა სიზუსტე სხვაგან იქნება... ამ ცხოვრებას თუ მიიღებ, როგორც შემთხვევას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი