მე შემიძლია ლაპარაკი


მე შემიძლია ლაპარაკი.
თუნდაც ვინმეს წყალში
ჩაჩუმებული თევზი ვეგონო.
თუნდაც ვინმეს ხე ვეგონო
გაყუჩებული,
თუნდაც ვინმეს სიბნელე ვეგონო
უმოძრაო და  უტყვი.
მე შემიძლია ლაპარაკი!
ეს დროსთან ერთად ასეც ვიგრძენი.
დახშული პირი და დაკლაკნილი
ბგერები მქონდა.
ერთ დღეს თითქოს ყველა ბოქლომი
უცებ გაიხსნა, 
 მე გავარღვიე კამკამა წყალი
ამოვყვინთე. ყველა სიღრმიდან,
ავიდგი ენა.
ეს უტყვობაც უჩუმრად გაქრა,
როცა თევზი ჩავანაცვლე
ღრმა არსებაში,
ჩქარ ცხოვრებაში შენაკადებით
გადავიტანე არაერთი ჩემი 
გზა თუ ჩემი ასაკი.
ეს დუმილი ისე იდგა, როგორც
 კვარცხლბეკი,
ეს დუმილი ისე იყო, როგორც ფართო, ფართო
ლოგინი,
რომელშიც იდგა მოციმციმე სიზმრების გუბე.

 ირგვლივ ხმიანებს
არაერთი ჩემი მსგავსება,
მხოლოდ ერთი ბიძგი,
ერთი მოწყდომა ადგილიდან,
ვით ბაყაყის ამოძრავება ,,ტყაპ სიჩუმეში".
წლების მიხედვით მოვდიოდი,
ასაკებს შორის მე ვიდექი
და ანარეკლებს ვუტოვებდი
თვალუწვდომ ხსოვნას.
წკრიალით გამტყდარ სარკეებზე
სახეები ისევ ტყდებოდნენ
ისევ თავიდან
იბზარებოდნენ ეულ სივრცეში.
გამტყდარი სარკის ხმა- წკრიალი
ჩამესმის ახლაც და ანარეკლებს
ისევ მიაქვს ჩემი თავი-
პატარა ბავშვი,
ახლა ის, რაც ვარ ჟამგრძელია
და მწარედ ყვირის,
როგორც ნადირი ტყეში
მარტო შემორჩენილი.
ჩემი ბავშვობაც ამეტყველდა
სხვა ხანაც კიდევ,
რომელიც იდგა შეუნიშნავი
არა ერთი და არაერთგვარი
 უმნიშვნელო ჩემი თავისთვის.
ეს ყველაფერი ამოძრავდა
თითქოს წრიულად.
 მე დახშულ ბაგეს მთელი არსებით
დავეპატრონე,
ჩემსას კი არა, ყველა ბაგეს დავეპატრონე
და ავმეტყველდი.
მე შემიძლია ლაპარაკი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი