მოსალოდნელი ადამიანი


მოსალოდნელი ადამიანი

ჩემს ირგვლივ მხოლოდ
ჰაერს ვუსმენ 
და არა, ქალაქს.
ჩემს ირგვლივ მხოლოდ ჰაერს ვუსმენ 
და არა, ქალაქს.
ჩემი თავიდან ამოვიხმე მხოლოდ სიტყვები,
და ვახმოვანებ რაღაც ძალას,
რომელიც ჩემი აღარ არის, 
მაგრამ ვეკუთვნი.
მე ვთბები ახლა ჩემი მომავლით
და წარსულებით ვიხმობ სივრცეებს,
სადაც ამოდის ცხელი ლავა-
ხმა მოგონების,
რომელიც ვარ და თან აღარა ვარ.
შეუცნობელი ჩემი გული 
არ არის ჩემი, ის უფრო ხდება 
დიდი ნაკრები ვრცელი ,,ჩვენისა"
და მე არ მინდა გამოვიდე ამ ნაკრებიდან, რადგან ვარსკვლავის სახე ვიგრძენი,
როგორ გადადის ჩვილ ბავშვში
ის წლიდანწლამდე,
და მიწისფერი უხმო ნათება მიცვალებულს, როგორ ეღვრება.
სახის დაშლის მიუხედავად.
თითქოს იშლება არა ერთი და 
და არა ორი, იშლება ყველა
შენად, ჩემად. და ბოლოს სადღაც უენო გულში და უტყვ გარდაქმნაში
იქცევა ,,ჩვენად."
ვარსკვლავის შუქი ტანს დასთამაშებს
და სახეებად ანაწილებს მკვდარსა და ცოცხალს.
უკვე გარდასულს და ახალშობილს.
მე ვდგავარ ახლა ამ ყველაფრის 
ჩუმი მსმენელი,
მე ვდგავარ ახლა, ამ ყველაფრის
ჩუმი მოზარე, 
რომ ეს შემდეგში 
ვინმეს ვუთხრა, ანდა სიზმრიდან ამოვაწვდინო, თავის გავლით,
ბოლო კაცამდე,
თავის გავლით, ბოლო ჩვილამდე.
და რატომ ბოლო?  ეს კითხვა მაინც არ კვდება ჩვენში, არ კვდება რადგან ყველაფრის ბოლო ისე გვადევს
როგორც ნიშანი, როგორც ჩვენს ძვლებს
 კანი, ყოფიერება, რომ 
აყვითლებს გვირილას გულად.
რომელშიც ჩვენი გული კი არ ჩანს,
არამედ დაგვრჩა ხმა კვამლივივით
და თვალი სხივად.
ეს ის შუქია, 
ეს ის სხივია. მკვდარსა და ცოცხალს, რომ გვიძღვნა ღამემ, და მის წიაღში ლურჯმა ვარსკვლავმა,
რომელმაც იცის, რომ ჩემობიდან გასვლა მაშინ უნდა დაიწყოს,
როდესაც ხსოვნა აღარ გადის
ჩვენი სულიდან.
მე ჩემს ტკივილებს, როდესაც ვმალავ,
სიმღერაში ვარ გამომწყვდეული.
და ხმების ღვენთი სხვა სივრციდან
ჩამონადენი,
ისევე ჩემში ჩაედინება.

ხანდახან ვფიქრობ,
 ვინა ვარ და რა მინდა აქ მე,
რატომ ამომდის ისეთი ფიქრი,
რომელიც წლობით ხმოვანებდა
ჩემსავ სკნელებში.
ანდა ის რატომ ხმოვანებდა
ჩემს არსებაში.
რატომ ინთება ჩემი სული, 
ან რატომ ვხედავ ყველაფერ იმას,
რაც მილიონ წლებს მიმოითვლის,
რაც ფეხს აიდგამს და ჩამოაღწევს
უცებ ჩვენამდე,
მაგრამ ის იქნებ არსად არ არის
ისე მაღლა, რომ მე ვხედავდე.
იქნებ ის აქვე ჩემს მკერდშია და
ცაგახსნილ ღამეს შემოუარა, 
იქნებ ეს ჩემი მცირე არსება, 
ისე ვრცელია, იქამდე აღწევს,
სად დასაბამის იქით მიდის მზერა სხივივით.
და  ნივთიერი ვერაფერი ვეღარ დახვდება,
იმ დიად გზაზე, რასაც ჰქვია
დაუსაბამო ნათლიერი,
რომელიც მოდის ყველა კაცში, 
მაგრამ ყველა მას ვეღარ დახვდა 
და ისიც მიდის, ის იქ დარჩება, სადაც 
გრძნობენ მის უბოლოო განფენილობას.
და ამ არსებას, რამდენი რამე, რამდენი ვინმე ჩამოაწყდა,
და ჩამოსცილდა,
რამდენი რამე შემოიკრო,
და მიიზიდა.
რაც ეკუთვნოდა, ან ახლა არ აქვს,
ან მომავალში დაისაკუთრებს
და ის გახდება,
რაც მე ვარ ახლა ამ დროულობით.

ის საკუთარ თვალში უფრო მეტს
ხედავს, ვიდრე ეს დილამ
მას მიუტანა.
რძისფერ ალიონს მისთვის
მოაქვს მინიშნებები,
ის კი ჩუმად იყურება უშორეს მხარეს.
ამ დროს ქალაქი თავზე ამხია
და სამყაროც მთელი სიმძიმით.
რომელ მხარიდან გამოიხედოს,
როცა ქარი ყველა მხრიდან
მოდის და მოდის.
მღვრიეა მისთვის არა მსოფლიო,
არამედ კაცი, 
ადამიანი, რომელიც ტკბება თვისი სიწმინდით.
აქ მინიშნებებს მაშინ,
რამე აზრი ექნებათ?
რამეს შეიცნობს საკუთარ თავში აღმატებული?!
ანგელოსებზე ყველა ფიქრი,
უკვე უხეშ სულს ეჯახება.
ადამიანზე ჩაფიქრება მსუბუქი
უნდა იყოს, როგორც პეპელა,
მაგრამ ეს ფიქრი ანგელოსებს თავისკენ უხმობს.
ასეთ ჭიდილში ადამიანი,
გამოძერწილიც აღარ არის
და არც შემქმნელის ხელი ატყვია.
ეს აღზევება უნდა დაცხრეს მაშინ, როდესაც
ის ცას შეჰყურებს,
ანდა ბავშვის დაბადებას 
ჩუმად ესწრება.
დიდი კედელი, დაბრკოლება 
აღმართულია.
მინიშნებებზე არ ირხევა მისი
თვალები,
მდინარის ცივი სუნთქვა აკვრია
და იყინება დღთიდღე
სული.
ხორცი ადრე უფრო ადრე
მას გაეყინა.
რძისფერ ალიონს თვალში იგროვებს
და უჩუმარი გზა ელანდება,
ქალაქის ქუჩა, ცივი ასფალტი,
სადაც იღლება 
სადაც იღლება, 
სადაც იღლება 
და იფიტება
მისი არსება...

მოსალოდნელი ადამიანი,
ის მუდამ ელის საკუთარ
ნათელს.
მოსალოდნელი ადამიანი,
ის მუდამ ელის თავის სიბნელეს.
ის ორივეს ყოველთვის გადის.
ცხოვრების მერეც 
ის ამ ფერებს კვლავაც გაივლის.
გზა გასაყართან შეყრა რომ მოხდეს,
ის დგას ჩუმად და ელოდება.
მოსალოდნელი ადამიანში,
მოსალოდნელი ადამიანი.
და ისიც ელის
ყოველთვის თავში,
რომ უცებ არ გახდეს ყოვლად უცხო
თავისთავისთვის.
ის ელოდება
და არ არის მოულოდნელი.
მოსალოდნელი ადამიანი.!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი