და ვცხოვრობთ ერთად
და ვცხოვრობთ ერთად ეს აძახილი თუ ადის ცამდე. ჭაობებსა და გუბურებს შორის, გამომწყვდეული, ერთხელ აქამდე თუ ამოაღწევს?! ზანტი ღრუბლები ნელა დადიან და ასე ნელა ხუჭავენ თვალებს. მთვარეა ცაზე. ოქროვანი ძაფით მოქარგა ზღვა და ხმელეთი, შენი სარკმელი ისე გასხივდა, თითქოს, ნათელმა იპოვა თავი და ელვარება, რაც წიაღ ჰქონდა, შემოაფრქვია დაუნანებლად. მაშინ ვისწავლე ლაპარაკი, როცა დავდუმდი. და ფერს ვაძლევდი ამ დუმილსაც ლაპარაკივით. როცა სიტყვები გამოვიარე, შემდეგ დაიწყო მთელი ცხოვრება... სხეულთან ერთად ხმა მერგო თიხის. და მესმის სუნთქვა განუწყვეტელი, თითქოს არავინ მომკვდარა და აღარც მოკვდება, რადგან დახუჭულ თვალებიდანაც, რა ადვილია მზე ამოქანდეს, ფრთა ფრთას შემოკრას, ზეცის ბუჩქნარებს შეერიოს და ის შენიშნო... მაშინ, როდესაც შეუმჩნევლად მოწყდება ქარებს ვინმე, თუ რამე, სიზმარში მოდის, ოთახში მღერის, ჩემ ყურთან სუნთქავს, და ვცხოვრობთ ერთად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი