რამდენიმე ჩაფიქრება "დაბადებაზე"


რამდენიმე ჩაფიქრება ,,დაბადებაზე"

ქაღალდის ფურცელი, ტბასავით ვრცელი 
და უძირო.
მის ნაპირებზე ჩემი ტკივილის
გამჭოლი ქარი,
მარადიული მონაცვლეობით.
მეც აქვე სადღაც 
,,ჩამნაცვლებელი"
მერამდენე ,,ჩანაცვლებულთან."

თუ დაბადება უსრულია,
მაშინ იქცევა ის პაროდიად.
უპრიანია მას თუ დავარქმევთ
სამყაროთაგან
უკვე წრიულ ,,გამოძევებას".

ნამსხვრევები ვარ
ვრცელი და დიდი სამყაროების.
ჩემი ,,თვით ყოფნა" დავიჭირე
ახლა ვცდილობ ის გამოვთქვა
სრულ გაქრობამდე
ჩემი გონების ,,თამაშობებით."

არა ნებისმიერი,
მხოლოდ ,,პირველგაელვება"
მინდა დავიბრუნო.
იქნებ მან შემოინახა,
ჩემი დაბადების ადგილი?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი