ქვა საიდანაც დაგორდა..


* * * 

ქვა საიდანაც დაგორდა იქ, მზე არ ამოვა.
და გაზრდილი ლოდიც, არსად დევს უმოძრაოდ.
ყვავილი თოვლს იჭერს, რომლის
იქით სივრცე დაგრეხილი კვამლია მხოლოდ.
ფიქრი თეთრი დღის სულია და სინათლის უკიდეგანო ამოჩურჩულება.. 
არ ჩანს კაცი,  ფიქრი ამოიწევს მის 
გარეშე.  
გაირინდა შეღამება, მზის ხატება დაკარგული,
ხიდან ჩამოცურებული ფოთოლი 
წაბლის ნაჭუჭივით შიგნიდან იხსნება.
მეც ამგვარად შიგნიდან გახსნილი,
ორივე მხრიდან შევდივარ ძილში.
სიზმარი მოუსავლეთში გადაიკარგა .
სხვა სამყაროში, სხვა დედამიწა მოინატრა.
აქ მოტყუებული ცრემლების საგუბარია,
იქ ცრემლიც არ იციან რა არის?!

ვერ დავიძვრები ადგილიდან,
თუ სიბნელის ღუზა არსებობის ზღვაში
ჩაეშვა.
ქარებს სტკივათ ერთმანეთის უხილველობა,
ადამიანებს გვტკივა მატყუარა სიფხიზლეები.
მიუღებელი დროის კარნახით შველა ფიქციაა.
დროს ხახა აქვს გაღებული, ჩვენი სურვილების,
მოჩხრიალე წყაროც წაგვართვა.
ციკლონების ბრუნვაც
ჩაუშრეტია თავისივე  გაელვებაში.

ყველას და ყველაფერს, ერთი ბადე იჭერს,
მომსვლელ-წამსვლელი ერთი ძაფით იქსოვება.
ერთი ბუჩქი თვლემს, ერთი სიჩუმის
გზაგასაყარზე.
ამ ხალხში ყოფნამ, გაჩენამდე მომიწია,
ახლაც გაჩენამდე ვცხოვრობ,
რა მნიშვნელობა აქვს,
კენჭიდან ლოდის გამოსვლას, ან პირიქით,
ლოდიდან კენჭის დაბადებას.

სულში ჩაგვეზარდა  ღამე, რომელსაც ვერაფერს
დავაბრალებთ
და ვარსკვლავებმა თავიანთი ხორცი გვაჭამეს.
რამდენჯერაც მივხვდი ამ სინამდვილეს,
იმდენჯერ თვალებში გუბე დადგა მათი სინათლის.
პეპლების ხედვა ავინთე
და სიძულვილის ნაცვლად უფრო შემიყვარდა
სამყარო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი