კვლავ ჩაიბრუნე ეს მორევი..
*** კვლავ ჩაიბრუნე ეს მორევი, რომელშიც ვწევარ. სახლი წაიღე და წაიღე სევდის ნარჩენი. დარეკე ჩემში წუთისოფლის უენო ზარი, შეხსენი კარი ჩემ სიმშვიდეს. მიწა რომელიც არ ადის ზემოთ ახლა ჩემს ფერხთით გაწოლილა და მას გვირგვინად არ ადგას ზეცა. მე შენი სახის მუდმივობა უკვე ვისწავლე, და გამოყოფა იმ წუთიდან უჩვეულო აღარ ყოფილა. ახლა ჩვენ ორნი აღარა ვართ, მე ერთიც არ ვარ. ერთიანი ვართ, უკვე რიცხვები უძლურია, ვერ აგვსახავენ უცდომელი სიმბოლოებიც. ხილვა იქნები და იქნები სიკვდილის ჩქამი, რომელიც უნდა შემობრუნდეს შორეულ ექოდ. ის, რაც სიღრმიდან ამოისმის ყოველთვის მე ვარ. სარკის სიღრმიდან, წყლის სიღრმიდან, სიღრმიდან მიწის. ორად გახლეჩილ ღამიდან ვჩანვარ. ჩემ დაბადებას ისე ვესწრები, თითქოს არასდროს დავბადებულვარ. მხოლოდამხოლოდ უმნიშვნელო ვარ დიდრაჯულა კაცთა ჯოგისთვის, ცეცხლივით საშიშს, შემიძლია უცებ დავშრიტო ჩემივე ცეცხლიც. მამებს ვირეკლავ. ყველა შვილის გავდივარ სიკვდილს. სიტყვის შუაგულ ველზე მაგიდა მაქვს გაშლილი. მო, დამეწვიე. ეს ჩემი ფიქრი, უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სამყარო. ჩემი სახელი ყველაფერზე უფრო ვრცელია, მე ცალკეული აღარა ვარ, აღარც ვყოფილვარ. მუდამ ვიზრდები და შეწყვეტას აღარ ვაპირებ. მე არ მაქვს კიდე, როცა ლექსში ვარ. უსასრულო მგზავრობა გელის... ,,სავსე ხმაურით და მძვინვარებით."
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი