ზიუსუდრა
ზიუსუდრა ეჰ, მოგონებავ, რა ხანია შენს გარეშე მინდა ყოფნა. რა ხანია, თვალებიდან ჩურჩული ამომდის, ჩემი კანი მთლიანობაში ის მიწაა, რომელიც თავზე დღეს დამატკეპნეს. სად არის სირცხვილი? სად არის პირდაპირი ბგერა, რომელიც სახლში შეგიწვევს და სინანულის ნაყენს დაგიმზადებს მადლიერების რტოთაგან, გადაფიქრების ნაყოფთაგან გამოწურულს. ადამიანებს ყოველდღე შორდება თითო გული, თითო ფრთა თითო დუმილი და თითო სული... დავიწყება იქიდან დაიწყო, როდესაც ზიუსუდრა აგებდა ხომალდს, ხოლო ბიბლიაში ნოე შეგვრჩა თავისი სამი შვილით... ეჰ, მოგონებავ, მე შენს გარეშე უფრო მტკიცე ვიქნებოდი, უფრო მისაღები და უფრო გამჭვირვალე, მიზანსწრაფული, ვიდრე რენტგენის სხივი, რომელიც საგნებში იწყებს შეღწევას, მე აბრაამის სამოსი მაცვია და მოსეს ჯოხი. მიჭირავს ხელში. როცა დავდივარ ამ ჩვეულებრივ, გამხმარ მიწაზე ყოველთვის მგონია, რომ წყალზე გავდივარ., ან აღთქმული მიწა მელოდება საკუთარ სულში, სულს გარეთ და სხეულშიც.,სანამ ფიქრები მოგონებად არ იქცევიან. მე წაშლილში ყოფნა უფრო მაღელვებს, ვიდრე ეს დახუნძლული ვაშლის ხე, რომელიც მხოლოდ მისთვის ამოიზიდა მიწიდან, რომ მუდმივად შემახსენოს, ის უხსოვარი ცდუნების წამი, რომელმაც სწორად განმისაზღვრა, რომ მე ადამიანი ამგვარი ვიყო, როგორიც ვარ ახლა, და როგორიც იქნება ყვავი თუნდაც სამასი წლის შემდეგ. და მე ამ ეპოქაში, ამ ურთულეს სახეცვლაში, ვერ დავემსგავსე გველს, მაგრამ მე ვიცი მისი სიბრძნე და მას მაინც აღვემატები ჩემივე უშხამობით. მე მოვიცილე ცა, ვარსკვლავი, მთვარე, მზე მთელი სამყარო. და ვარ არა ნოე, არამედ ის ზიუსუდრა, რომელიც ყველამ, ყველამ მიივიწყა... და მოგონების გარეშე დარჩენილმა, ნოედ ვისურვე თუ არა ყოფნა. არავინ იცის?! და პირველი კაცი ვინაც წარღვნა იხილა თავის სიმართლეში განსრულდა სრულად ჩვენ კი დავრჩით, სადღაც იმდენად ახლოს ყველა სიცრუესთან, რომ გაქრობა ჩვენიც ემსგავსა ტყუილს, ტყუილს, თუმცა ეს არის ყველაზე ნაღდი და სწორი სიბრძნე, რაც შევითვისეთ. ეჰ, ჩემო, მოგონებებო, თქვენს გარეშე ყოფნა საოცრებაა, მითუმეტეს რომ არ მიმაბრუნებთ არაფრისაკენ მეც მარტო ჩუმად ჩავყუჩდები წარღვნის მოლოდინში, რადგანაც ვიცი კიდობანი, უკვე აშენდა.. დავიწყება იქიდან დაიწყო, როდესაც ზიუსუდრა აგებდა ხომალდს, ხოლო ბიბლიაში ნოე შეგვრჩა თავისი სამი შვილით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი