ფიქრები სასტუმროში..


ფიქრები სასტუმროში

ეს გზა გასავლელი იყო.
შმორის სუნი მისაღები.
ქლორიანი საბანი,
რომელიც ქავილს მიმძაფრებს.
ჭიქა, რომელიც მაგიდაზე
იდგა, ასაღები,
რადგან მასში წყალი გათბა.
კარები გამოსაღები იყო,
ოთახი დასაგველი.
ეს გზა გასავლელი იყო
გასავლელი.
მე ჩემ თავში აზრს ვძენდი
ყველაფერ იმას, რაც ერთი შეხედვით
უაზრო ჩანდა.
სამყარო იყო 
რთული ამოცანებისგან
დაპატარავებული.,
უფრო შეკუმშული.
თანაც ალბათობის პრინციპზე საგრძნობლად დამოკიდებული.
ჩემი შეგრძნება კი, რამდენადმე არის ღრმა ჭრილობა,
რომელიც არ ხორცდება.
ამ ჭრილობიდან სისხლი გამდის
და ეძებს საზიარო კავშირს, ჯერ ბგერასთან,
შემდეგ ჰაერთან, ენის წვერზე რომ განისვენებს
და ელოდება ჩემ უჩვეულო ამოძრავებას.
ეს ფიქრი გზასავით იყო გასავლელი.
ეს გზა კი ფიქრივით სამართავი.
ხიდები, რიგები, სიშორეები,
იმედიანი მოლოდინები და ისევ მოლოდინები
კონკრეტულობამდე მისაყვანი.
როგორც ჩანს. ამ წესრიგებსაც ჩემგან
კორექცია დასჭირდებათ.
მე ვერ ვჯერდები აღმოჩენებს,
ჯერ თავი რომ უნდა მოაჩვენო,
შემდეგ კი, გაუჩინარდე და თან
დაგყვებოდეს იმისი კვალი,
რაშიც ყალიბი მოგეცა,
შიგნიდან ჟონავდე,
როგორც შეღამების რბილი მელანქოლია,
ცივ ჰაერთან შეწყვილებული.
ფანჯრებიდან ქალაქის ხმაური
შემოიჭრა.
მე ვწევარ ამ დროს სასტუმროს
არც თუ ისე მოხერხებულ ლოგინზე
და 
ქალაქის ყაყანს ყურს არ ვუგდებ
თითქოს ეს ყველაფერი
მე არ მეხება.
რამდენჯერ დავიკარგე.
ერთი გრძელი სახელის გარშემო
ვიმოძრავე წაღმა- უკუღმა.
ჩავფიქრდები და უსხეულო ვხდები,
სამყაროს სიმძიმე მშორდება,
თითქოს ყველა ტვირთი ზურგიდან მეხსნება
და სრულიად უსახელო ვაგრძელებ
მშვიდ ცხოვრებას.
დაუსაზღვრავი, გაუმხელელი,
და უნიშნო...
საკუთარ არსებობას დავიწყების
ერთაქტიან დრამაში
ვათავსებ და ასე უსაშველოდ
დავეძებ. ვიხსენებ
რატომ გავქრი ჩემს უსასრულო
და უბოლოო არაცნობიერში.
გონიერი ლექსი ფილოსოფია
კი არა, უბრალოდ გონიერი ლექსია.
მეტს ვერაფერს ავკიდებ.
სამშობლოს ერთი თხელი ფენა
მაშორებს,
რადგან შორიდან ვუმზერ,
ამიტომაც გამჭვირვალეზე გამჭვირვალეც
ხდება ის.
ახლა იქ არჩევნების სამზადისია
და დაუშვებელიც დაუშვეს.
უნდა გაასწრო,
რადგან არაფერი შეიცვლება....
იქაურ მოვლენებზე მექანიკური
მგრძნობელობა ყოვლად ფუჭია.
დიდი ხნის წინათ, იქ ნამდვილი ოცნებები მოკლეს...
შანზელიზეზე ხალხის დიდი
ნაკადია, 
ჩვენგან განსხვავებით, აქ ოცნებებს
კარგად ახარისხებენ...
დროდადრო მოგონებები, ერთი
ნოტის გამორჩევას იწყებენ.
მარსელიოზა და გაზაფხული
ერთად შემოდიან....
ამ დროს კარებზე აკაკუნებენ.
წესით არ უნდა ვუღებდე,
მაგრამ მე კარებს მაინც ვაღებ. 
ჩემ წინ იოდისფერი ინდუსი დგას
და დამტვრეული ინგლისურით
მეკითხება-
გარეთ რა ხმაურია? 
მის ჩახლეჩილ ხმაში თითქოს შიში გაცურდა.
- მშვიდად იყავით, ეცადეთ დაიძინოთ.
ამოვთქვამ მისთვის.
და ისიც მიდის.
ჩვენ შეგრძნებებმა 
გაგვყვეს ამ ღამით.
ახლა, საუკეთესო აზრია, გამოვრთო ტელეფონი და ძილს მივცე
თავი.
სარკეში არ გრძელდება მეორე ცხოვრება,
სიზმარში არ გრძელდება მეორე ცხოვრება.
პირველი და მეორე ცხოვრება 
მაშინ შეთანხმდებიან,
როდესაც ჩვენ გავარკვევთ,რომ ერთი მათგანი,
უბრალოდ არ არსებობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი