შოთა ჩანტლაძე



შოთა ჩანტლაძე

იჯდა უნივერსიტეტის ბაღში შოთა ჩანტლაძე და
ხმელ თუთუნთან ერთად
ასანთის ღერსაც ღეჭავდა.
შეჰყურებდა გამვლელებს,
გულდასმით აკვირდებოდა, 
თუ რომელი წამოჰკრავდა ქვაზე ფეხს
და ამოვარდებოდა ფიქრებიდან.
თვითონ ცხოვრებიდან, ისედაც ამოვარდნილი იყო.
თოვლივით წავიდა
და მიწასავით მოვიდა.
ახლაც  უნივერსიტეტის ბაღში
დგას და იცდის...
იქ უყვარდა ყოფნა.
ჩვენ კი გვჯერა ეს სიცრუე,
რადგან ასე გვსურს და გვინდა
გვჯეროდეს.
ისიც იმედიანია,
როგორც გულანშაროდან
 დაბრუნებული
ავთანდილი.
 ფეხადგმული მიწა უყვარს.
თოვლი რომ წავა,
ის მოდის. ყოველთვის მოდის...
ნაცნობებს ხშირად ეცინებოდათ მის
ცხოვრებაზე
ის კი გაღიმებული ჩაჰყურებდა ქაფქაფა ლუდით სავსე კათხას.
ბრმა ნაწლავივით, ბრმა ცხოვრებაზე
ხელი ერთხელ ჩაიქნია და 
ბოლოს ორივე ამოიჭრა, როგორც
მისთვის ზედმეტი ნაწილები.
რომელ სქოლიოს უნდა დაეტია?!
წავიდა თოვლივით
და მოვიდა მიწასავით.
 ახალგაზრდებს ღრუბელივით შემოახვია პოეზია.
იჯდა უნივერსიტეტის ეზოში.
 უნივერსიტეტის შიგნით კი ლექციებს კითხულობდა ნიკო კეცხოველი,  
. გარეთ იყო შოთას აკადემია...
როცა იმ ადგილებს მივაღწევ,
 რაღაც ძალით,  ფეხს წამოვკრავ ხოლმე ქვას
და მეც უმალ ამოვვარდები ფიქრებიდან.
გამახსენდება შოთა ჩანტლაძე.
შორს, ჩამორღვეული ეკლესიის გუმბათი,
დანესტიანებული ფრესკა.
დედის მკლავებში ისედაც მჯერა რომ
არ სცივა...

ზაალ ჯალაღონია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი