როცა მოწყენილი ვარ..


როცა მოწყენილი ვარ წვიმს
ეშბერი იტყვის: ,, როცა მოწყენილი ვარ წვიმს".
მე ვიტყვი, რომ ეშბერი არ ცდება.
როცა არ წვიმს და არც მოწყენილი
ვარ, ანუ არაფერი ხდება.
ასეთ დროს, შეგიძლია წვიმა გააქრო
ცნობიერიდან
და მოიწყინო ისე უბრალოდ,
თითქოს წვიმს.
მაგრამ შენ ამ სიშორის განზომილებებში
ვერ დაგადგინე ვინ ხარ?
შედარებითი ილუზია, თუ
ადამიანური არტეფაქტი?
,,ტექსტის მიღმა არაფერია"
- იტყვის დერიდა.
მაგრამ ფაქტია, მე ტექსტის მიღმა
რამდენჯერმე შევიცვალე ფორმა,
მთლიანობა და ბოლოს განზომილებაც.
ვერ დაგადგინე ვინ ხარ?
მე კი ვიცი, რომ ეშბერი არ ვარ
და არც ვაჟასავით წვიმად ვნატრობ
მოსვლას.
როდესაც წვიმას ასახელებენ,
ასოციაციურად ცრემლებსაც გულისხმობენ,
უკიდურეს შემთხვევებში შარდსაც.
ხდება ისეც, რომ შედგენილობაც
განსაზღვრავს ადამიანს.
ასეთ დროს, რაღაც ისეთი ხდება რომელიც ღმერთს გამოიხმობს
ციდან,
მაგრამ ღმერთი ხშირად
ცაში კი არა, ჩვენს უწყინარ სურვილებშია.
მაშინ თითქოს სრულიად ცარიელია ზეცა,
რადგან ადამიანის გული
სავსეა რაღაც განუზომელი ძლიერებით.
ყვავილის კვირტში შემიძლია წრე
დავარტყა,
როგორც მომცრო ქალაქს.
დაწერამდე რა აზრიც მოვიტანე
გამოხედვაში მეტყობა.
დააკვირდით, როგორი უსასრულო ხდება ჩემი ცხოვრების თითოეული
წამი.
ხეებმა იმღერეს ალილუია,
ადამიანებმა თვითნასწავლი გულგრილობით ჩამოიარეს.
ყველა საგულისხმო ცვლილება
ჩვენი არჩევანია.
ასეც ხდება: მოიწყინა ეშბერმა
ამასთანავე იწვიმა კიდეც
და მე ამ ყველეფერზე მომინდა
მეწერა.
ჰო. დაახლოებით ასე მარტივად, ან
ძალიან რთულად, თუ უფრო რთულადაც,
როგორც შეესატყვისება თანამედროვე
ყოფიერებას.
მე კი მარტივად ვაუქმებ ამ ყველაფერს
არც ვიწყენ. არც წვიმს და მითუმეტეს,
არც ეშბერი ვარ.
ვცდილობ ისე არასდროს მოვიწყინო,
რომ გაწვიმდეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი