სურათს ვამხელ


სურათს ვამხელ

გრძელი გზით მოვედი,
გრძელმა მდინარემ წამიღო.
საიდუმლოს გაგებას შევეჭიდე.
გაიღო და დაიხურა კარი.
ერთ გრძელ სიჩუმეს,
ერთ გრძელ ხმაურს
და გულისმომკვლელ უსასრულობას
შევრჩი ბოლომდე.
ვერ განვითარდა ქუჩა,
ვერ აყვავდა მდინარე.
ჩამოხსნეს კარიც
და უსასრულობას ვერ შეერწყა
აღმოცენების სიხალისე.
ვერც გაფურჩქვნის ბედნიერება
გამოვიდა ხსოვნიდან.
ყაისნაღით ამოყვანილ ბედის თვალს
მოერღვა ძაფი.
მოიშალა ნაქსოვი.
ოთახში შემოვიდა ყველაფერი ის,
რაც გარეთ დავტოვე.
და ჩემგან გაიხვეწა ყველაფერი ის,
რაც შიგნით იყო.
კეთილი მტრედი
და გულუბრყვილო სანთელი,
სახეზე მეცნო,
ორივე ფარულად მეძახის
და უძნელესია აღსაქმელად,
თუმცა გახსენებად მიღირს.
ეს არის სინათლე, დიდი სინათლე
მზის ნატეხი,
ჩალისფერი სიზმარი,
ჩურჩულის მოხრილი ტოტი,
შავი ნაწნავის ბოლო.
და აკვარელში გარეული წყალივით
სურათს ვამხელ,
ცრემლიან სურათს.
ვინ იცის ვისას?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი