ადამიანი მხოლოდ გულშია..
ადამიანი მხოლოდ გულშია სადაც დავკარგეთ სხეული, და დავკარგეთ სული, იქ არ ვიძებნებით. უფრო აშკარად ვართ სხვაგან. სად არის ეს, სად უნდა იყოს მისი ადგილი? ცხრა ცხოვრება გამოცვლილ ტანში, ღრუბელივით დაბებკილ ღამეში, ნეტავ სად? ის არ არის ამოწეულ მიწაში, აზიდულ საფლავში. არცერთში ის არ არის. ადამიანი ცხოვრების გარეშე დარჩენილი, უფრო ადამიანია, თუ ნაკლებად ღმერთი.?! სადაა ის, სადაც ვიძებნებით უფრო აშკარად და შეუმცდარად. იქნებ ის ლექსშია ? მე ვიყავი ლექსში, სანამ ბგერა დაირხეოდა ჰაერში. პირველად იქ გამოვჩნდი. მაშინ ჯერ კიდევ არ მამძიმებდა ხორცი. წებოვანი ტალახივით არ მეკვროდა შიში. არ ვიფურცლებოდი სხეულს მატლებდახვეულ შემოდგომის ვარდივით. ტანგარღვეულ მცენარეში, შეკრულ თავის ქალაში. ღია ცაში, გახსნილ საფლავში. ოჰ, არა, არა, ამათშიც არ ვყოფილვარ არცერთში. რამდენიმე სახეს მოაცურებდა წუთისოფლის მდინარე. მრგვალად დაეხვია ქარი და ბურთივით მოაგორებდა. მერე ჩამოეშვა ციდან რამდენიმე ნიშანი, რომელმაც განსაზღვრა ჩემი არსებობაც, იმავ წუთიდან, ჩემთან ერთად დაიწყო ცხოვრებამ მდინარება და ცვლილება. სახეებიც აირივნენ სივრცეში. შუა გზაში შეჩერებულებს ერთმანეთში გვგონია დასაწყისი და დასასრულიც.. მიზნებს მიღმა ვარსკვლავების სიმხურვალეა, ან სარკეების გულისმომკვლელი სიცივე. ღამე, როგორც მორჩენილი ლუკმა თანდათან ხმება, ამ სამყაროსაც თანდათან უმძიმს მისი მიღება. რატომ გადაიშალა სიზმარი წიგნივით , თუ წამკითხველი არ ეყოლებოდა?! რატომ გაისრისა მუჭში მოქცეული პეპელა, თუ ახლოს სჩანდა გაშლილი ველი. რატომ დატოვეს ოცნებებმა ადამიანები და რატომ დარჩნენ ისინი მხოლოდ სურვილებში. სად მოიმაგრა ფეხი კაცმა, რად გაიკვლია გზამ სიყვარული?! ყოველთვის აშკარად და შეუმცდარად.. ადამიანი მკვდარიც და ცოცხალიც გულშია, მხოლოდ გულში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი