რიჩარდ ბროთიგანი - (ლექსები)


ფსალმუნი8

გლეხს მოეჩვენა
აღმოსავლეთ
ორეგონში, რომ
იესო
იდგა
საქათმეში.

კვერცხებით სავსე
კალათა
ეჭირა
ხელში.

იესომ უთხრა.

,, მე
ვარ
მშიერი"

გლეხს
არასოდეს
წამოსცდენია
ის, რაც
იხილა.

ფერი როგორც საწყისი

დავივიწყე სიყვარული.
მე სიკვდილი მინდა
შენს ყვითელ თმაში.

მე ვცხოვრობ მეოცე საუკუნეში

მე მეოცე საუკუნეში ვცხოვრობ.
და აქვე შენ წევხარ ჩემ გვერდით.
უბედური იყავი, როცა მძინარე გეგონა შენი თავი.
ვერაფერს გავხდი,უიმედობამ შემიპყრო.
შენი სახე იმდენად მშვენიერია, რომ
დაუსრულებლად მინდა ის აღვწერო.
არაფერია ირგვლივ ისეთი, რითაც მე ბედნიერს
გაგხდი,
როცა გძინავს შენ.

რომეო და ჯულიეტა

თუ შენ მოკვდები ჩემთვის,
მეც შენთვის მოვკვდები.
და იქნება ორი საფლავი, როგორც წყვილი,
რომელიც ერთად ტანსაცმელს რეცხავს ლანდრომატში.
თუ აიღებ საპონს,
მე მოგიტან მათეთრებელს.

რადგან

რადგან
ხალხს უყვარს
შენი გონება,
სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი
შენს სხეულსაც
მოისურვებენ.

30 ცენტი. ორი ბილეთი. სიყვარული.

შენზე ფიქრებით დამძიმებული
ავტობუსში ავედი,
ორ ბილეთში 30 ცენტი გადავიხადე.
და იმ წამსვე მივხვდი,
რომ ვმგზავრობდი
სრულიად
მარტო.

* * *
მე მაქვს ტუალეტში
75 ვატიანი კაშკაშა ნათურა.
ორი წელი მიიწურა, რაც ამ ბინაში
მარტო ვცხოვრობ.
ჩემი ნათურა კვლავაც ანათებს.
დავრწმუნდი, რომ
მას უზომოდ ვუყვარვარ.

მოლოდინი

თითქოს
წლების წინ
ყვავილთა კონა
კოცნით
მოვწყვიტე
მისი ბაგიდან
და ჩემ
გულში ჩავდე
ფერად
ლარნაკში.

მოლოდინი
კი
ამისთვის
ღირდა.

რადგან
მიყვარდა.

შეყვარებული ბავშვები

მე
ვარ
მთვრალი
ცისარტყელა.
შენ
ხარ
შეშინებული
მთვარე.
ყოველივე
ეს არის
ერთ
ბავშვში.
ივსება
შემოდგომის
ცივი
ღამე.

სურათი - 4

მატარებლის ორი ბილეთი.
მგზავრობა
არსაიდან - არსაით.

დროის  სიკვდილი

ეს დღეც დადგება,
როცა მოკვდება დრო
და მას
დაასაფლავებს
სიყვარული.

მთვარე ჩვენს წინააღმდეგ, როცა ჩვენ კვლავ ერთად გვძინავს

ვზივარ და ვისვენებ, ისე ვარ, როგორც
მუხანათი ბოროტმოქმედი რომანის პერსონაჟებიდან.
როგორ შემაფასებთ,
ეს თქვენი ნებაა, ბარემ აქვე გაგიმხელთ,
თქვენი უბედურების მიზეზი მე ვარ.
ამით მე აღვასრულე რაღაც უჩვეულო და მნიშვნელოვანი,
რადგან ჩემი შინაგანი თავისებურება არის თავისუფლება.
გაგიმხელთ, მარტივად შეიძლება ყოველთვის რაღაც კარგად დასრულდეს
ცხოვრებაში, სუფრასთან ბოლომდე თუ დარჩებით,დამაჯერებელ სიტყვას თუ იტყვით.
მე მაქვს შნო, რომ თქვენთან ერთად მთვარით დავტკბე,
თქვენ შეგეძლოთ, მაგრამ მარტო არ დამტოვეთ მე,
ჩასვენებული მის დუმილში.

ყურე

მას მერე, რაც სიყვარულის ძლიერმა ღელვამ
გაგვყარა ერთმანეთს
მისმავე ნელმა ტალღებმა შეგვაჯახა ერთმანეთს კვლავაც
და ყურეში დავრჩით, მან კი არ იცის, სად არის ბოლო
შენი სხეულის და სად აქვს სათავე
ჩემსას.
ჩვენ ძვლებს შორის დაცურავენ თევზები
და ჩვენ შედედებულ სისხლში
ზღვის ფრთოსნები გვეძახიან.

მეორე სამეფო

მუდამ
მშვენიერია სანახევროდ
ყველაფერი,
ვარსკვლავების
მეორე
სამეფოში.
შენი ხელის მტევნები
ანგელოზები არიან.
სასიყვარულო ღამის
შემდეგ ნეტარებით,
რომ ჩაეძინათ.
შენი თვალების ჩურჩული -
ქარების მიერ,
ვარსკვლავებიდან
ჩამოფრენილი
ფიფქების ბრილვა.
შენი თმა
ღვთისგან დაწნული
ყვავილების
ფერია.
ვარსკვლავების
მეორე
სამეფოში.
შენ ხარ ერთადერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი