წამით თითქოს ჩაინაცრა ღამე...


წამით თითქოს ჩაინაცრა ღამე,
წამით თითქოს მოიხვეტა ცრემლი
და ზმანებით, ზღვისებრ მოკამკამე,
წარმომიდგა აფხაზეთი ჩემი: _
ჩამავალ მზეს გავსცქეროდი ზღვაზედ,
ალისფერად იღვრებოდა ზეცა,
ირხეოდა ლაჟვარდებით სავსე _
მზისფერ ტალღებს მზე სამოსად ეცვათ.
თითქოს დუღდა ზღვის წიაღი ლურჯად,
ანარეკლი სხივებისა სჩქეფდა,
მზეს ზღვიური სული ჩაებღიჯა
და მის მკერდზედ საამურად ჰყეფდა.
ბინდდებოდა...  მზე იწევდა ზღვაში
და გარემო _ მიმოზებად რგული,
ირხეოდა ვით ფაფარი რაშის,
ვით ნიავი ნორჩი გაზაფხულის...
მერე წვიმის სურნელების მტვერი
და მიმწუხრის ნაბიჯები მტკიცე,
ქორალური სინარნარით მჟღერი,
რა საამო, ნაზი იყო სივრცე...
აფხაზეთო! მე ასეთი მსურხარ,
ზღვა ასეთი მახსოვს შენი მლაშე,
გაიღვიძე! ძილ-ბურანში ნუ ხარ,
კვლავ ზღვიური სულით იკაშკაშე!
... წამით თითქოს დაიმტვერა გრდემლი
და გულს ლოდი ჩამოსცილდა რამე...
წამით თითქოს მოიხვეტა ცრემლი,
წამით თითქოს ჩაინაცრა ღამე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი