გენიოსთა ბედი ახალ ქართულ რეალობაში...


იდგა ბუნკერი,
ოთხთვალა, ნაგვის,
კოპებშეყრილი და შემზარავი, ვით ტარტაროზი...
იდგა ბუნკერი,
იდუმალ ზრახვით,
როგორც ასკერთა ცოდვის კარავი,
სპარსთა ტაროსი...
შორით მზე სჩანდა სასაფლაოსი...

გამოიტანეს გენიოსები, 
სასიქადულო ჩვენი მგოსნები: _
ვაჟა,
აკაკი,
გალაკტიონი...
და გადუძახეს ნაგვის ბუნკერში...
არც საყვედური...
არც რამ ნუგეში...
სდუმდნენ ქართველი დიდოსტატები,
სიუბრალოვით და აღმატებით...
მაგრამ არ სთვლემდა შური, ქაოსი,
შორით მზე სჩანდა სასაფლაოსი...

ჩამოიარა ნაგვის მანქანამ
და ამ ბუნკერთან დადგა, დახანა...
გაიღო კარი...
მენაგვე შავი ხელებით დასწვდა ბუნკერს ვეებას
და ვით გოლიათს ისე შეება,
დავითის მკლავით...
აქექ-დაქექა,
არივ დარია,
ამოიღო, რაც მოსახმარია
და მათთან ერთად პოეტებიც ამოაყოლა...
ფურცლები ხელით მოსინჯა და
,,ღიმით დაქოლა’’...
ამოიჩარა იღლიაში
სამი მგოსანი,
ვით მონადირემ განგმირული
სპეტი ფრთოსანი...
საჭეს მოახტა,
გამურული შუშა ასწია,
ძრავა ჩართო და რახა-რუხით
სწრაფად გასწია...

... ნაგვის ბუნკერი კი დარჩა გვერდით: _
გენიოსების საზომი მეტრი... 
მოხეტიალე ნაგვის ბუნკერი: _
სიცოცხლისა და სიკვდილის ეტლი...
მწარედ გაწბილდა შური, ქაოსი,
შორით მზე შეკრთა სასაფლაოსი...

... იდუმალება მართავს წამის ყოველ განაკვეთს,
იბადებიან გენიებად, მერმე კვდებიან...
გენიოსები თუმც დღეს ასცდნენ მრუმე სანაგვეს,
ვაი, რომ ხვალ-ზეგ თეთრ უნიტაზს ვერ ასცდებიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი