მშვენიერების დასანახად არ კმარა თვალი


მშვენიერების დასანახად არ კმარა თვალი:
მშვენიერება შეიგრძნო და იწამო უნდა,
მშვენიერია მოკისკასე ყოველი ქალი _
უგვანი თუნდაც.

მშვენიერია სიყმაწვილე, განცდაც სიბერის,
როცა ეშვები და არც უწყი სად ჰპოვებ შვებას,
მშვენიერია ყელს გედივით როცა იღერებ,
როცა სიცოცხლე უღიმღამოდ არ ინავლება.

მშვენიერება იბადება ძიებად, რწმენად...
ვით ყოველივე _ იდუმალი, თუ თვალსაჩინო,
მშვენიერება შეიცნობა ხანდისხან ძნელად,
რადგან მავანნი სულში მალონ თვლიან საჭიროდ.

მშვენიერების დასანახად არ კმარა თვალი,
მშვენიერება უნდა ჰპოვო _ განძი ამურის,
მშვენიერია ამ ცხოვრების ყოველი კვალი,
თვითონ სიკვდილიც _ საზიზღარი და უამური...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი