შიშველ თვალებში...


შიშველ თვალებში როცა ჩაგხედე,
შენი მიზანი ვცანი მაშინვე...
მე არ გიგლოვებ, თუკი წახვედი,
თუ განშორებას შემაკავშირე...
მე არ გიგლოვებ...
არა...
პირიქით...
(ვერ ვუაპრილებ თუმც შენს სიმარტეს)
შენს მონატრებას შევსვამ ლირიკით,
თუ ვერ დამათრობს... კვლავ დავიმატებ...
მე არ გიგლოვებ, რადგან წესია:
ვაჟკაცს არ შვენის ცრემლი ოხერი...
მოვკვდე?! ...
დაგნებდე?! ...
უკეთესია?! ...
შენ დასტურს მომცემ ყელის მოღერით...
მე არ გიგლოვებ, რადგან ამ დღესაც
ჩვენ, ჩვენს ზვირთებს ვშობთ _ სულთა მგეშავნი:
შენ _ პერსეფონე,
მე კი ჰადესი  _
ხმელ სტრიქონივით გულსისხლშემშრალი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი