საქართველოს არაკეთილმოსურნეთ


გადამთიელნო, მოდრიკეთ ფრთები!
რად გვპარებით თულად, მზაკვრულად?!
ჩვენს კერას უდგართ ვუთმობდეთ ნებით,
ასეთი რამე ნეტავ სად თქმულა!
გვახსოვს მტარვალნი: _ თურქი, ოსმალი...
იავარქმნილი ჩვენი ქვეყანა,
უკუ მბორგავი ბედის ბორბალი...
ნაწიოკარი ერი... ბეგარა...
საუკუნეთა ფართო ტრამალზე
მტერი გვჯიჯგნიდა ბილწი და ქლესა,
სისხლი დავღვარეთ მართლაც მრავალჯერ
და ღრმა იარებს ვიშუშებთ დღესაც...
ქვებუდანი და მტერთან გამრიგე
არ დაგვკლებია... თან არაერთი...
რაც მათ მზაკვრობით ,,დახლი დაგვიდგეს’’
მიკვირს, რა ძალით გადავრჩით დღემდის...
მუდამ ვიცავდით ენას ძირისძირ,
ჩვენი დაცემა არვის არ ახსოვს,
მტერთან პირისპირ,
მტერთან პირისპირ,
ბრძოლით ვკვდებოდით, შიშით არასდროს!
... და დღეს, როდესაც უდრეკი მკერდით
თავი წარვტაცეთ მონობის უღელს,
როცა ევროპას ვუდგევართ გვერდით
და ჩვენს სამშობლოს ფართოდ კარს უღებს,
ახლა, როდესაც სხივი სინათლის
ჩვენს სარკმელშიაც შემოიპარა,
ბრძოლით, ქველობით, შრომით, სიმართლით
კვლავ ავაშენებთ ძლიერ ქვეყანას!
კვლავ გავიშლებით იმერ-ამიერ,
კვლავ იზეიმებს სითბო, სინაზე
და დაიქუხებს ,,მრავალჟამიერ’’
თქვენებ მზაკვარი მტრების ჯინაზე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი