*** (და შექმნა ღმერთმან...)


... და შექმნა ღმერთმან კაცი შეგნებით, ყოვლისმპყრობელი, ყოვლის ჩამდენი...
და თვალთმაქცური სულგრძელობანიც მიწასა ზედა მოდგა რამდენი...…
სულ მიიფერფლა და მიინავლა ძველი ეპოსი, ძველი დიდება...
აღარ მგონია ღმერთს და კაცს შორის ხიდი ზავობის თუ გაიდება...
სადღა იპოვნი დღეს ისეთ ქართველს _ ცას რომ შესწვდება, წყვდიადს გათელავს,
ეშმას განგმირავს ლახვრით ზვიადი და ეწამება სულით ქართველად...
ჰეი, ,,ლომებო’’ ცოტნე დადიანს ვინ დაარწმუნებს, რომ ვქმნით ,,მზიან ერს”,
აბო ტფილელის სასტიკ განსაცდელს თქვენგან რომელი გაიზიარებს?!
ნუთუ წინაპართ მისთვის ეწამნენ, ძილშიც ბეგთარი მისთვის ემოსათ,
რომ დღეს ქართველთა გემამათმავლათ, გენარკომანათ, ანდა გებოზათ?!
ნუთუ ყოველი დამფასებელი ძველი დიდების ჩარეცხილია?!
ენა, მამული, სარწმუნოება ურწმუნოთათვის რაღა ხილია...
ნუთუ ამ გულში უფლის ადგილი ერთი სანტიმიც არ დაგვიტოვეს?!
ნუთუ ყოველი დამფასებლური ჩვენში მოწამლეს და დაგვიტორეს?!
ყველა ჯურის ვართ, თუ ვართ ფერ-ხორცზე: _ მოძალადენიც და დაძლეულნიც,
ჩვენს მიერ შექმნილს ჩვენსავე ხელით ვშლით, ვანადგურებთ ზიზღმორეულნი...
ჩვენი თავი გვძულს, გადამთიელის სახელს ვავედრებთ ოსთ და აფხაზებს,
ამერიკული სულით ვაზროვნებთ და ევროპული მრწამსით ვაფასებთ...
ღმერთო, ძლიერო! _ სულის ქველობა სად დაგვეკარგა _ აღსავსე რიხით,
მაინც როდემდის უნდა ვუსმინოთ ბუტაფორიის ოთხთვალას რიხინს?!
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: _ ხვალ აპათეა ღმერთსაც გათელავს...
P.S.
... შენ კი გულღიად მითხარ ბაჭიავ: _ ხომ არ ნანობ, რომ იშვი ქართველად?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი