ეს საქართველოს სისხლია


(ხალხურ კილოზე)

მზე რომ ეხლება მყინვარწვერს _
ოაზისს მინანქარისას,
ჭარმაგ არყებს რომ მიაწვენს
გაარჯალება ქარისა,
რომ შეისუნთქავს სილა წვენს,
ზღვისას _ პონტოის დარისას,
დისკო რომ შეივერცხლება
სავსე, ცქრიალა მთვარისა
და ლაჟვარდს რომ შეერწყმება,
ნაზი ჰანგები ქნარისა,
გრძნობა იფეთქებს ლექსებად
გულისა გასახარისად!
რომ აგაჩქროლებს სურნელი
მკერდგათქვირული ქალისა
და მათ ალერსს რომ სულ ელი: _
ხან ,,ესა’’ გნუსხავს, ხან ,,ისა’’,
ზოგი _ იმედით მკურვნელი,
ზოგიც _ მტანჯველი ხანისა...
... როს ხშირად ავი თარეშობს,
ვით ფილოქსერა ზვარისა, 
რომ ბრძენად ფასობს ფარეში,
ბრძენი _ ფარეშად კარისა,
გზები _ ვარდების გარეშე,
მომზღვავებელი ნარისა...
... ფშანნი, უხვნი ამ მხარეში: _
მშვენნი მთისა და ბარისა,
ტიბაანი, თუ პანეში: _
მმოსველნი სინარნარისა!
აქ, ყოველს ხოტბა მისხია,
გზას მრუდეს, თუ სწორს _ ლარისას,
ეს საქართველოს სისხლია: _
ჩემი სამშობლო მხარისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი