ზვიად გამსახურდიას მონოლოგი


იყო... არა იყო რა... და ზღაპარიც დასრულდა...
არ დასცალდა გაფურჩქვნა მამულს, ტანჯვით დაოსილს...
სტოიციზმით აღვსილი ვეთხოვები წარსულს და
ვიძირები მომავლის უნაპირო ქაოსში...
რაც წმინდაა, იმას ვთმობ... (ვიცი, დამგმობს ჯვარცმული,
ვინაც რწმენა ჩამიდგა და ერისთვის მაცხოვრა...)
რადგან სული წარმტაცეს იმედშემოძარცვული
და ნათხოვარ იმედით რაღა ვარგო მაცხოვარს?!
დაცემულის გათელვა ძველთაგანი წესია,
დაცემულის ნუგეში კი რჩეულთა სასჯელი, 
როცა კალაშნიკოვით სულში ტყვიას გესვრიან
უღიმღამო სიცოცხლეს აღარც უნდა დასჯერდე...
ოცნებებით დაჭრილი, უსახლკარო გზირი ვარ,
ჩემს ჯინაზე ღრუბლებმაც დარაბები დახურეს,
ანგელოზის მომტვრეულ ფრთებს ვიგლეჯ და ვტირივარ...
ხოლო ეშმა დოინჯით, ნიშნისგებით დამყურებს...
ყველაფერი ჩაცაკვდა... ყველაფერი დასრულდა...
სიმარტოვის სარკეში ღამე უღრენს თვის სახეს,
მალე ღმერთსაც განდევნის ჩემს ხსოვნიდან ავსული, 
მიწას თუ არ დავეშვი, თუ არ გარდავისახე...
ცხოვრებიდან არარა არ იშლება მყისიერ,
დავიწყებით წარსულის არაფერი მთავრდება,
ყოველივე ახალი ძველის დასაწყისია,
ყოველივე ძველი კი ახალს უხმობს თავდებად.
ღმერთო, უკან გიბრუნებ ყალამსა და საჭრეთელს
და დაჩონჩხილ სამშობლოს გულთან ერთად გთავაზობ, 
რომ მის დამზრალ ძარღვებში სისხლი კვლავაც აჩქეფდეს,
რომ კვლავ მედგრად გაისმას ,,საქართველოო ლამაზო... !’’
თუკი ჩემი სიცოცხლე საკმარია სავსებით _
გამოფხიზლდეს მამული, განწირული რულისთვის,
ტრაგიკული არსებით 
ვერტერს დავემსგავსები,
ოღონდ ,,ერთის’’ კი არა _ ერის სიყვარულისთვის!
გთხოვ, ეს ძღვენი უფალო არა... არ იუარო...
მე ჩემს ყოფას ჩემთავად გამოვუტან განაჩენს,
რომ მამულის ხსოვნაში ერისკაცად თუ არა,
ერთ უბრალო, შეწირულ შვილად მაინც გადავრჩე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი