მთავარი ისაა, რომ გერქვას მართალი
მთავარი ისაა, რომ გერქვას მართალი (დახატო არაკი თუნდ წარმოსახვიდან), გულსა და გონებას იმგვარად მართავდე – ცხოვრების ჩარხიდან ექსტაზში გახვიდე. მთავარი ისაა, სიცოცხლეს ბედავდე, (თუ მკითხავ, რად გინდა უაზრო ქონება), ყოველთვის ისმენდე და იმას ხედავდე, რასაც ვერ გასწვდება თვალი და გონება. სიტყვა რომ სიტყვაა, ათასჯერ ,,ნასროლი’’, ათასგზის ნაცვეთი ფაშატის ნალივით, იმგვარად დაფერე და ისე ასწონე, შიგ გულში აფეთქდეს მზე-პატარძალივით! მთავარი ისაა, გიყვარდეს მოყვასი, (მოყვასი წმინდაა, შევთანხმდეთ ამაზე), თუ სილას გაგაწნის მარჯვენა ლოყაზე, მარცხენას თავად შენ ნუ ,,შეულამაზებ’’.. მთავარი ისაა... თუმცა რას ვამლაშებ, რაღა დროს ფრაზაა საამოდ სათქმელი, როდესაც ქვეყანა იხრჩობა ,,წამალში,’’ როდესაც იხშობა ის მცირე სარკმელიც -- ღმერთთან რომ მივყავართ, თან ასე გვაშორებს... დრო დადგა სუყველამ აბჯარი ავისხათ, ენა და მამული ნოტს არ ჰგავს მაჟორულს... ილიას მამულმა თავს ლაფი დაისხა... ... დღეს სიტყვა ბლეფია, ფარსაგი ფანდია და სულმთლად დაკარგა პეწი, თუ ხარისხი, ,,როლები’’ მოდიან... სცენიდან გადიან... ილიას ,,ქართველმა’’ თავს ლაფი დაისხა... ღმერთმაც კი გაგვწირა, ღმერთიც კი გაგვიწყრა: ნგრევით და ქუხილით აქეთ გვგვრის კაეშანს, აკაკის ჩონგურზე სიმები დაგვიწყდა, ფშაველის კერაზე ნადირი თარეშობს... ალვათა ტანდემი გრიგალმა მოხარა, თებერვლის ქარბუქი საღდება მაისად, ურწმუნო ,,ლომები’’ საყდრებში ხოხავენ... რწმენამ და მორალმაც თავს ლაფი დაისხა... ... არ ვიცი ამ ბილიკს საითკენ მივყავართ, რა უნდა ეშველოს სულს, ცად რომ გაერთხას... მთავარი რწმენაა?! საქმეა?! სიტყვაა?! არ ვიცი... არ ვიცი... არ ვიცი საერთოდ... P.შ. მთავარი ისაა, რაც როა მთავარი ფეხქვეშ რომ თელავენ დინჯი, თუ ავარა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი