თუმც ბავშვობასთან წლები გვაშორებს


თუმც ბავშვობასთან წლები გვაშორებს, 
გულით ყოველთვის ვრჩებით ბავშვები, 
ცხოვრების რიტმს ფეხს ვუწყობთ საშურად
და ,,დიდობანას’’ ვეთამაშებით.
მზად ვართ ,,სიმაღლე’’ ყველა დავლაშქროთ,
ფართო შარაგზას ვაპობთ ჭენებით
და არც კი ვიმჩნევთ, რომ სათამაშო
ატრაქციონის გვერგო ცხენები.
ხან თვინიერნი, ხანაც მრისხანე,
არ ვეპუებით ჭკუით ღარიბებს
და თუ სიფიცხეს შეგვირისხავენ
დედის კალთისკენ თვალი გაგვირბის...
ვცდილობთ ცხოვრების შევსვათ შიგთავსი,
(მაინც რა არის ბავშვის გაგება!),
იმპერატორის როლსაც ვითავსებთ
და არასოდეს ვინდობთ წაგებულს.
ხშირად აბსტრაქტულ მიზანს ვუმიზნებთ, 
გვიწევს ხელიდან მიზნის გაშვებაც...
და დიდობაში გაჭრილ ,,ტურისტებს’’
ხელმოცარულად გვთვლიან ბავშვებად...
მაშინ კი არცთუ თავაზიანად
ვამსხვრევთ ,,დიდობის’’ მყიფე ნაჭუჭებს: _
გულამოსკვნილი ერთი ღრიალი
მთლად გვირჩევნია ურიცხვ საჭურჭლეს...
... და როცა წავალთ... აღარ ვიქნებით,
როცა იტყვიან:  ,,იყვნენ კარგები’’...
როცა ,,დიდობა’’ ჩვენში მიჭკნება,
კვლავ ბავშვობაში ჩავიკარგებით...
დე, ამ გზით გვევლოს, სიყრმის საშვენი
ჩვენი არსობის ,,ბრძნული’’ მიზნებით,
მარად და მარად გვერქვას ბავშვები
და ნურც სიბერეს შევეხიზნებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი