ავტოპორტრეტი


მე ამ სტრიქონებს ღამის ბნელი და
ცისკრის ნათელი სხივი ვუწოდე, 
წლები გამექცა ისე ხელიდან,
რომ ჩემში ავმა სძლია უცოდველს...
გაფრინდა წელი ოცდათხუთმეტი,
გადავუსწარი ჟამით მაცხოვარს
და ვფიქრობ: ღირს კი მოცდა, თუ მეტი
უღვრთო სიცოცხლით მიჯობს გაძღომა?!
იყო ოცნება ვარსკვლავთელვარე
და რეალობაც ხისტი იერის,
დამკანკალებდა ბედი მდევარი,
ვით მიქაელი და გაბრიელი.
არ შემიხრია თუმც წამით წარბი, 
რადგან სიწმინდის ველტვოდი კვარცხლბეგს:
თვალი ხომ მუდამ იქითკენ გარბის,
სადაც გახედვა ტოლია მარცხის.
... და მთვარის შუქზე ფიქრთა ჭენება
მესახებოდა თავდავიწყებად...
ზოგჯერ, რატომღაც თვითდაჯერება
დაუჯერებელ ზღაპრად იწყება...
ვერ გავიმარტე... ვერ დავრჩი ბავშვი,
თუმცა ბავშვობა იყო ზღაპარი:
ყალბ ცხოვრებაში შედგომის საშვი,
ანგარებით რომ შემომაპარეს...
ახლა მარტო ვარ სულთან, წარსულთან,
დამძიმებული იჭვით და ფლასით,
სიცოცხლე ისე გაუფასურდა,
რომ თვით სიკვდილმაც დაჰკარგა ფასი...
გახსოვს, ცხოვრების შავ-თეთრ დაფაზე
ჩვენ ერთურთისთვის ვიყავთ მკაცრები, 
თუმცა საწუთრო თვისებრ აფასებს,
დროსთან ჭიდილში დროც კი მარცხდება...
გახსოვს ჭადრები ჩვენი ძველი და
მათ ჩრდილქვეშ მთრთოლი სული ყარიბი?
წლები გამექცა ისე ხელიდან,
რომ კალმის წვერიც გვერდზე გამირბის,
როგორც სულსწრაფი ყრმობა-ბალღობა,
როგორც წარსულის მნათი ჩრდილები...
და ის სავალიც – მბორგავ ტალღებად,
უსიკვდილოდ რომ გესიკვდილება...
ვესალბუნები ზამთრის ,,უზორებს’’,
აღარც შენ შემრჩი, აღარც ჭადრები...
დღეთა სიშიშვლეს თვალს გავუსწორებ
და უსაშველოდ მომენატრები...
ო, სიჭაბუკევ, შორით მიჰქრიხარ,
უკვე ბინდ-ბუნდში გჭვრეტავ ლანდებად,
შენ ის მღელვარე, მწველი ფიქრი ხარ,
დაუფიქრებლად რომ იბადება.
ამ ყოფას იქნებ არყოფნა ჯობდა,
იქნებ ყოფნა სჯობს ტყვიას მოსისხარს,
თუკი სიკვდილი სიცოცხლეს შობს და
სიცოცხლე ისევ სიკვდილს მოისხამს...
უსასტიკესო ცხოვრების რიტმო
ერთიც მომხედე, მიწამლე, თუ გწამს...
მე შენს თვალებში ვეძებდი სითბოს,
სიცარიელე ვიპოვნე თუმცა...
შეგიგრძენ, მაგრამ ვერ გიპატიე,
ასე ავხორცი, ვნებებს მიმყოლი,
ჩამომიქროლე აშარ მარტივით 
და სიყმაწვილეც თან გაიყოლე...
... და ახლა, როცა ხორცის გახმობას,
სულის დაცემას ასე მპირდები,
დღეს მისი სუნთქვა ისე ახლოა,
ვით გაზაფხული შარშანწინდელი...

... ბურანს ვარღვევ და სიცხადით ვკრთები...
გარდასულ დღეებს ვფურცლავ ბოლოდან...
,,მე არაერთხელ მქონია ფრთები’’
და ვინატრებდი: სულ არ მქონოდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი