ზვიად გამსახურდიას


წელი წელს მოსწყვეტს, ნაზ საყურეს და სიქალწულეს 
მიუალერსებს, დაიპყრობს და ალაგს მოუცვლის...
ო, მომავალო, შენი სხივი შემომაწურე,
შემომაძარცვე სამოსელი ნორჩი მოხუცის.
მე ვარ წარსული _
მკაცრი სულის, 
გაუშიფრავი
და ტანზე ცოდვის უხილავი მჩხვლეტენ ლურსმნები,
ვგრძნობ, როგორ მითრევს ღამეების ურჩი სიბრმავე,
მაგრამ ძაღლივით ვეტმასნები და ვილურსები...
სადაც არ უნდა ვიყო, იქ ვარ... რიტმს ვერ ავყევი,
ასე მგონია ლეშად ქცეულს კუპრში მმარხავენ,
ვერ გავახარე სიტკბოების ერთი ნამყენიც,
ვერც ათი მცნება შევიმეცნე, ვერც ვუარყავი...
სწორ-მეგობრები შემომაკლდნენ, გამინაპირდნენ,
ვალად დამედო სამდურავი მათი ურიცხვი,
ქორონიკონი თავს მევლება, როგორც ბანკირი
და მეც მტერ-მოყვრის უსათუთეს სიებს ვურიცხავ...
ო, მომავალო, რა რელსზე ხარ, რა მისამართზე,
რომ მოგეგებო და დაღლილი სული მოგანდო...
... შორს, სადღაც ნისლში გარინდულა ასი სამარხი
და ასივედან იმზირება ჩემი მყოფადი...…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი