ჰამლეტს
დიდო რაინდო, რით განუგეშო, (ან სანუგეშოდ რაღა ღირს ახლა...) ,,ყოფნა-არყოფნა’’ სულ გაუხეშდა, ვაკხანალიად გარდაისახა... ვიღას ჭირდება აზრის სიქველე, ან შემართება თავგანმწირავი, არც ადათ-წესი... ფასობს მლიქვნელი, ღმერთის კულტიც კი დააყირავეს... ბრწყინავს სიბრმავე და მზვაობრობა შურის როკვის და ამაოების, რწმენა დასტირის თავის ობლობას, გათითოკაცდნენ მამაოები... იღწვის სიცივე... დუღს ელსინორი... ზიზღის თვალებით გვჭვრეტს ჰორაციო... ჰამლეტ ვითა ვცხო მიონს მირონი _ ეშმა ღვრთისაკენ ვით მოვაქციო?! ,,ყოფნა-არყოფნა’’ გახდა მეძავი _ უტყვი არსობის მსუყე სახეთქი: თუ იქნებიან?! _ დღეს ჩახეთქავენ, არ იქნებიან?! _ ხვალ სხვა ჩახეთქავს... შური, სიმხდალე, სიძვა, კაზინო... როგორ არ მოჰგავს იმ მრწამსს შენებურს, ჰამლეტ, ამდენ მგელს რა შევასმინო, მათ ლომურ მადას როგორ შევება?! არც სიყვარული ზეცით ნაკურთხი... ოფელიები ,,ცეცხლად იწვიან’’ და ვაი იმას, ვინაც საკუთრივ თავზე ამ ცეცხლის სუსხი იწვნია... ... მეტს არას დავწერ ცოდვის ქალაქზე, სადაც არღარა არს საესავი... ,,აიფონი,’’ თუ ,,სამსუნგ გალაქსი’’ ? დღეს საკითხავი აი ეს არი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი