ზოგჯერ...


ზოგჯერ მარტოობა ზამბეზს ედარება,
ზოგჯერ ვიქტორიას... ხანაც ლამანშია...
ქვეყნად ყველაფერში არის ნეტარება,
რწმენის უსასობაც სულთან თამაშია.
არსით ლატენტურით შიფრავ გამოცანებს, 
თითქოს შეუცნობი შენშიც ჩადუღაბდა,
მშვილდით დაგტრიალებს ხვედრი _ ამორძალი, 
შენ კი თავთან რჩები, ნაგვემ _ ნადუღართან.
ერთდროს მოდრეიფე, კენტად მინავლული
ჭკნობაც გაიმეტებს ნეტარ აგონიას,
ზოგჯერ მალამოდ გსდის მწველი სინანული
მისი, რაც დაჰკარგე, ანდა არც გქონია...
ზოგჯერ განშორება ახლის საწყისია,
სივრცით გადასწონის ყველა მითს და ღმერთებს,
ზოგჯერ მიტკლის ჩვარიც ოქროს საწმისია,
ორი მიწის გულს რომ ძგერით შეაერთებს.
ზოგჯერ სურვილს ებრძვი, ღმერთს გსურს აუჯანყდე,
სულ სხვა ტრამპლინიდან გინდა სძლიო სვე-ბედს,
ზოგჯერ სიკვდილიც კი ისეთ სურვილს ახდენს,
მთელი ცხოვრება რომ ვერც კი იოცნებებ...
ზოგჯერ მარტოობა თეთრი ზღაპარია,
მთელს შენს გულისთქმას რომ ართავს სადენებად,
უფლის სამსხვერპლოსთან გიხმობს ადამიანს...
არ გსურს გაღვიძება... აღარც გათენება..
... და თუ რეალობა მირაჟს გამოსძალავს,
მას, რაც მთვარემ შვა (და საქმეც ამაშია!)
მაინც ყოველივე რჩება გამოცანად,
რადგან უღმერთობაც ღმერთთან თამაშია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი