ახსნა
როს შეეხები წარსულს თითებით, მის ხმოვანებას შეიგრძნობ მჩქეფარს, მოგესალტება როცა კირთებად, სულის ღრიალი და წელთა ყეფა, როს აღიარებ: _ გძაგდა თემიდა; რომ შენს თვალებშიც ჩამოწვა დირე; რომ თავზე შეგრჩა მცირე თმები და უმანკოება უფრორე მცირე; რომ ადვილია სულის მმართველად შემოიკრიბო ეშმაც და დროცა, რომ ნამდვილია _ გერქვას ქართველი, წვეთი ქართული არ გცხია როცა... ამპარტავნობის უკმეხ ,,დილიხორს’’ შესწირო სული, ჩაჰკლა ვნებებთან... _ უმეცრება რომ არ შობილიყო, ვერც სათნოება იარსებებდა. _ დაასკვნი... და მის ალტერნატივად მზეს გაუსწორებ მზერას წყალობით და ყოველივეს ახსნი მარტივად, გარემოების გარდუვალობით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი