ჟინი მებრძოლის შენში სთესია
ჟინი მებრძოლის შენში სთესია: ის ჯილდოცაა, სესხიც, სასჯელიც და იმ ცხოვრების განაწესია, რითაც სულდგმულობ, რისიც არ გჯერა. იგი მისანს ჰგავს: _ თაფლს და შხამიან თასს რომ გთავაზობს ელფურ იერით, სულის ზვიადი ქარიშხალია, თან რომ გწამლავს და თან გაძლიერებს... და რადგან წლების ურჩი სიფიცხე არ ეპუება ქველს, თუ მზვაობარს, ღრიანკელისკენ ისე გიბიძგებს, და ისე შეგრთავს არარაობას, რომ ვერც კი იგრძნობ, როდის დასრულდა ის, რაც მარადი იყო გეგონა: როგორ წარგსტაცა რწმენა წარსულმა და მარწუხებით გადაგეკონა... მაგრამ განგების ნება ცხადია: _ რაგინდ სახება გესხას ტიტანის, გმირის წოდება რა საწადია, ერთხელ მარცხი თუ ვერ აიტანე... გულის სიღრმეში ყმუის გამცემიც და მზად ხარ მასთან ზავზე წახვიდე, გარდუვალია ზოგჯერ დაცემა, რომ დაიბადო ისევ ახლიდან... რადგან ცხოვრებას მკაცრი წესი აქვს: ხან შეგიკედლებს, ხანაც გიყელებს, გერქვას მებრძოლი _ შენში სთესია, შენ უწყი, როგორ გამოიყენებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი