წინ, უსასრულო უსაზღვრობა არის კედელი


წინ, უსასრულო უსაზღვრობა არის კედელი,
უკან, წარსული იღრინება, როგორც ქოფაკი,
ახალ მუზარადს გრდემლზე გიწრთობს ბედი-მჭედელი: _
მოძმედ რომელიც შეიგულე, ვერცხლით მოფაკლე...
ბედი, რომელიც თავად შეჰქმენ, სისხლით დასწერე,
კაენისაგან გერგო ღვარძლი და ისტერია,
სჭვრეტ საკუთარ ,,მეს’’_ ნდობააყრილს, დაშნით დასერილს
და თავს არწმუნებ, რომ სამყარო შენი მტერია...
შენთვის საფიცრად არ არსებობს ცნება _ უფალი
და ერთი აზრით ასაზრდოებ სულის კალათას: _
რომ თვით იუდაც გაქრებოდა ისე უკვალოდ,
მაცხოვარისთვის მწუხრის ჟამს რომ არ ეღალატა..
გწამს, რომ ფუჭია მოყვასისთვის თავის გაწირვა,
რომ ავის მქმნელსა ეჩვენება თვითონ მზე ციცქნად,
ჩალის საღირალს შეიძენდა ყოფა არწივის,
რომ ყორნებს იგი უმოწყალოდ არ დაეძიძგნათ...
რომ არ ივიწყებს მომავალი საქმეს ღვარძლიანს,
რომ მწვალებელი შეიძლება ამაღლდეს უფრთოდ,
რომ ბოროტება სიკეთეზე უფრო გამძლეა
და გამწირველი გაწირულზე ბრძენია უფრო...
გმირს მსხვერპლი ჰბადებს, მსხვერპლს _ გამცემი და ტირანია
და თავად ჯალათს ბაჯაღლოზე დიდი ფასი აქვს,
რომ ცრემლზე მეტად აფასებენ ღიმს ირონიულს,
რომ ეშაფოტზე სასტიკია ევთანაზია...
,,კბილი კბილის წილ’’ _ საბოლოო არის სასჯელი,
რადგან სურვილი შურისგების ცას ჰგავს უთალხოს,
გჯერა, როდისმე, წარკვეთილი შენი მარჯვენით
სხვა მოიპოვებს აღმატებას და შენ უკვდავგყოფს...
ცაზე ღრუბლები გაცრეცილნი ჰგვანან გადახნულს,
სჭედს ბედი შენი მუზარადს და სიჩუმეს უტევს...
აფასებ განვლილს და ზიზღით სჭვრეტ ჩრჩილით გადახრულ
აგონიიდან დაცემამდე დარჩენილ წუთებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი