სიმართლის გარდა არაფერი აღარ მაშინებს
სიმართლის გარდა არაფერი აღარ მაშინებს: აღარც ეშმაკი, არც დუშმანი, არც მისტერია... ეს ერთი სიტყვა ესალტება ფიქრებს აშლილებს და ერთდროს ჩემი მოკავშირე ახლა მტერია... მწარე სიმართლე თვის არსებით და შემართებით გსუსხავს, გეხვევა... ფრთებს გაკვეცავს, ვით ქარაშოტი _ როცა სიკვდილის ნაღვერდალი შენში მძაფრდება, როცა შენს სხეულს, მოწამებრივს, უჭვრეტ გაშოლტილს... სიმართლე იბრძვის, იკლაკნება ლიანდაგურად და უმართლობაც არ არს მისთვის უცხო რამ ხილი, ქუდი სიმართლის გარეწარსაც ჩალმად ახურავს და ქვესკნელიდან ტარტაროზთა გმინავს სახმილიც... სიმართლისათვის ჟლეტდნენ, ჰგვიდნენ აივარულად, რადგან მიზანი საშუალებას ყოველს ამართლებს, სიმართლისათვის ,,ძელზედ გასვეს’’ ბევრი ფარულად _ ბევრი კაი ყრმა შეეწირა დროის კამათლებს... და მაინც... ბნელთა ბატონობას არ აქვს სასრული და სიმართლესაც სისხლის ფასი ადევს ზვარაკად... ჩვენ კი გვეცადა _ განგვესაჯა დინჯად წარსული და უსამართლო სიმართლე არ გველაპარაკა... ...სიმართლის გარდა არაფერი აღარ მაშინებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი