ჩამოქცეული, როგორც იშხანი


ჩამოქცეული, როგორც იშხანი,
ნელი სიკვდილის ლანდი უძღები,
ღამის წყვდიადი და ქარიშხალი
ჩემს მარტოობას ელაქუცება.
შიშველ ოცნებას მოსავს დაისი,
ბედნიერება თითქოს პეშვია
და მისწრაფებაც არარაისი
გაზიარებას გადაეჩვია...
წლები რომ ღმუის სისხლის მაგიერ, 
ენაცვლებიან მატერიები
და ულაზათო, შავბნელ მაგიებს 
ეწირებიან არტერიები...
ო, ზეციერო, ჰანგით სოველით
ხმას ვეღარ გაწვდენ რიხით, მაჟორით,
უსამართლოა წამი ყოველი,
შენგან რომელიც ასე მაშორებს...
და თავს რამდენიც უნდა ვუფიცო,
სისულელეა ზღაპრის ახდენა...
შენს სიყვარულში მე ვარ უბიწო,
მაგრამ სასტიკად ნამუსახდილი...
ღმერთო, შემინდე რწმენის დათრგუნვა,
გულის სიღრმეში ვუწყ რა დიდი ხარ,
მაგრამ ფიქრებში ერთ უზალთუნად
უკვე მრავალჯერ გამიყიდიხარ...
უკვე მრავალჯერ დავთმე ტაძარი
და ვანაცვალე კერპებს ჯიუტად
და მრწამსი შენი სხივნახანძრალი
ლეშად მივუგდე სულმყრალ იუდას...
ო, ზეციერო, ვუხმობ განთიადს,
რომ შემოიჭრას სულში მარტივით,
სადაც სიცოცხლის მარიფათია,
ასე რთული და ასე მარტივი.
რომ განმარიდოს წარსულ სტრიქონებს,
ვით სისხლის ჩქერი სპეტაკ პირსახოცს,
რომ ჩემში სიოდ შემოიქროლოს
და ქარიშხალად გარდაისახოს.
ო, ზეციერო, ველი განთიადს,
რომ ჩემი ლექსი მზესთან გავრითმო, 
თუ ჩემში მწუხრი ვერ გაათია,
სიკვდილი მარგოს სამაგალითო.
... როგორც ნაპერწკალს კვეს და აბედის
სიკვდილსაც თავის ღირსება მოსავს,
უნდა სიკვდილიც ისე გაბედო, 
როგორც სიცოცხლე ამშვენებს მგოსანს.
და მერე მორჩეს... აღარ შეგჩივლებ,
ღამის სერობის დავტოვებ სუფრას,
დავიკრებ მხრებზე შორეულ ჩრდილებს
და მზის ნაკვალევს გავყვები უბრად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი