გასხივოსნება


დაფნის გვირგვინით ძლიერთ მოსავენ _
ერთ პინას სწონის მგელი, კრავი და...
მაგრამ შეგნებით იესოსავით
ვის უცხოვრია ერთი წამითაც...
ჟამს გაუკვალავს ყავლი გაუდის,
გზა გოლგოთისკენ კვლავაც ხსნილია... 	
ვინ გასჭვრეტს მერმისს გულში რა უდევს,
იქნებ მეორედ მოჰკლას ილია...
ან რა ფასი აქვს უგზო ხეტიალს
და ქვიშის ტკეპნას ხრიოკ უდაბნოს, 
როს თვით სამოთხეც ჯოჯოხეთია _
ჯოჯოხეთია ყოფა უდაფნოდ...
მისი ღირსება არის თვისება
მიესალბუნოს გონს ფრაზით მძაფრით: _
ჰყიდი სამშობლოს?
ჰყიდი ღირსებას?
მაშ ჰა, ვერცხლი და გვირგვინი დაფნის...’’…
თუ სიწმინდეა სულის ტაძარი,
ყალბი განცდების არ არს ნაკრები,
არ შეიძლება, მასში რაც არის,
მხოლოდ სიკვდილით იყოს ნაკვები.
რახან სინათლე ჰბადებს სიახლეს,
ნეტარ ზრახვათა ფართო არეალს,
გასხივოსნება! _ არის სიმაღლე,
სხვა ყოველივე ღრმა სამარეა.
ტვირთი რომ ზიდო უსამშობლოთა,
სულის ნაწილი რომ სისხლში დაფლა,
გზა უფლისაკენ  _ არის გოლგოთა
და არაოდენ გვირგვინი დაფნის!
მწუხრი გაჰფანტე ღრუბელთ მმოსავი,
სივრცე გააპე, ფეხმარდ ტაიჭებრ,
გგვემონ, ჯვარს გაცვან იესოსავით,
მერე აღსდექ და ზეცად აიჭერ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი