ოცნება
მიყვარს ოცნებათ გონებაში შმაგი დინება: _ შემოსარტყლული იდეალთა სერპანტინებად... ექსპანსიურნი, ექსცენტრულნი, ზოგჯერ გლეხურიც: _ აკვნესებული სალამურზე პირად ტეხურის... მიყვარს ხილული, უჩინარი, მძაფრი, მარტივი, ხანაც ნოემბრის ტაროსივით, ხანაც მარტივით ზოგჯერ წუპაკი... უხიაკი... ზოგჯერ ავხორცი... (აქ ოცნებებმა ერთმანეთი ქიშპით დახოცეს...) მიყვარს ოცნება მოსხლეტილი, ვითარც გავაზი, დაუოკებელ ქროლის ჟინს რომ სინით გთავაზობს... ისიც, ქაჯს რომ ჰგავს: _ სულაბურძგვნილს, გრძნობააჩეჩილს, პენტაგრამათა ფოლიანტებს რომ მოგაჩეჩებს... ყველა ოცნებას სიშლეგე და ზვავი სჩვევია და ერთურთისგან თითქოს არ რით განირჩევიან... მათში სიკერპე, სიდიადე იგი არსია, რისთვის მრწამსაც კი უკუაგდებ, გვემას აიტან, თუმცა ახდენილ ოცნებასაც რაღა ფასი აქვს: _ რასაც ელტვოდი დაიპყრობ და მორჩა... ჰაიდა... მე მხიბლავს სახე მეოცნების, როს ვჭვრეტ დაღვრემილს, არახდენილი ზმანებებით ნატანჯ-ნაგვემის, ვინც შეუცნობლად დაბანაკდა ვნების ყორესთან და სული თვისი შეურყვნელი მასში მოლესა... მე პატივს ვაგებ ყოველივე სალუქს, უმართავს და შენც ქართველო, ცნება ესე გულს დაირახტე: _ მას გაუმარჯოს, ვის ერთხელაც არ გაუმართლა _ არახდენილი ოცნებების მებაირაღტრეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი