შენ ისე ნაზი ხარ და ნარნარი
შენ ისე ნაზი ხარ და ნარნარი, და თანაც ისე უტყვი, ზვიადი, როგორც მტევანი ვაზის: _ ვარვარა მზე მკათათვის რომ ააჭიატებს... ვერ შეგადარებ შუშპარ მადონებს, არც ღვთიურ ფრესკებს მოჰგავ არსებით, არც გავაზი ხარ, არც იადონი და მაინც როგორ მეგავაზები... ვერც დიადემას მოგგვრი დადფნისას, (ვერც მარტს მიგანდობ, უგზო ბილიკით...) შენ უნდა მარად გერქვას აპნისი და ასპარეზი ჩემი ლირიკის... შენ მაგიური ხარ ორქიდეა, მცირე იმედი _ ლექსად ნაგები, არსებობისთვის ბრძოლის იდეას ასე მკვიდრად რომ ესადაგები... თუ გამეყრები, ჩემში გაქრება, რაღაც ღვთიური ძალით ნაქარგი, გამეცლებიან ლექსის ამქრები და სულთან ერთად ხორცსაც დავკარგავ... მე არ ვიქცევი შენთვის ავაზად ჩემი განცდების შეთავაზებით... არც არწივი ხარ და არც გავაზი და ღმერთო... როგორ მეგავაზები... ვერც ნოემბრის სუსხს ვერ მიგანებებ, ვერ გაგიმეტებ ხვედრად ქილიკის... შენ უნდა მარად გერქვას ზმანება და აღმაფრენა ჩემი ლირიკის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი