სული მომივარაყე


სული მომივარაყე
ორნახადი არაყით,
ახლა ისე მაწვალებ,
ვით ქვით ხურო ძალაყინს.

უშენობა მარტივით
მოიჭრა და დამნებდა,
დაწდა აპერატივი
დამჭკნარ იასამნებთან.

ვით წარსული ზაფხული,
მყისიერად მოვეშვი,
მთვარეული ვფაფხურობ
რიტმთა სიმარტოვეში.

აღარც ქარიშხალია,
არც კიანთი ნათელის,
მოლოდინმა გალია,
მონატრებამ გათელა...

ენკენისთვის ,,მერცხლები’’
ღვინობისთვემ აგავა...
შენც ერთთავად მეცლები: _
ვეღარც სიზმრად გაკავებ...

ახლა ისე მჭირდები,
როგორც მაჭარს დუღილი,
როგორც აპრილს კვირტები,
ავდარს _ ჭექა-ქუხილი...

მაშხამებენ ამო დღეს
სივრცეები მზარავენ...
ნეტავ იყო სამოთხე,
მე კი ცოდვის კარავი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი