მე ვერ ვივიწყებ იმ წამს გაფრენილს...
მე ვერ ვივიწყებ იმ წამს გაფრენილს, იმ ბავშვურ ღიმილს _ ეშხით სხივმმოსველს, როს მოკისკასე და პირნათელი გნახე პირველად სანაპიროზედ. შეხვედრა იგი იყო გრძნეული და მისტიციზმის ახლდა იერი: _ ჩემს წინ ბრწყინავდი სიზმარეული, არც მიწიერი, არც ზეციერი... მზერა, ღიმილი, ცეცხლი, ისარი, სულ არ დამინდე, მსტყორცნე ერთთავად... სისხლმა იხუვლა: ,,ჰპოვე ის ქალი, ვისაც ეტრფოდი გაუბედავად!’’ და ნეტარებით განსაკვირველით სული აღივსო, მრავლის ამხსნელი... შეხვედრა იგი იყო პირველი, მაგრამ ამასთან უკანასკნელი... მას აქეთ შენზე არ რა მსმენია, მხოლოდ ის წამი მექცა ზმანებად, ჩემი ოცნების თეთრო ფერიავ, მან უშენობას ვერ მიმანება... გაჰხუნებიათ ვარდებს ფერები, მზე შემოდგომის იღვიძებს ნელა... მე კი სიზმრებში კვლავ გეფერები... შევხვდებით ისევ უკანასკნელად?...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი